ევროპარლამენტარები 17 მაისის მოვლენებზე მართლმსაჯულების აღსრულებას ელოდებიან

ევროპარლამენტარები 17 მაისის მოვლენებზე მართლმსაჯულების აღსრულებას ელოდებიან

17 მაისს თბილისში განვითარებულ მოვლენებზე ევროპარლამენტის წარმომადგენლები მართლმსაჯულების აღსრულებას ელოდებიან. სპეციალური განცხადება ევროპარლამენტში "მწვანეთა" წარმომადგენელმა, ულრიკე ლუნაჩეკმა გააკეთა. მისი თქმით, თავადაც ლგბტ თემს მიეკუთვნება და კარგად ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ამ ადამიანებისთვის თავისუფლად, იმ წესით იცხოვრონ, რა წესსაც ირჩევენ.

"ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმ ძალადობით, რომელიც ისეთ ქვეყანაში მოხდა, როგორიც საქართველოა. რა თქმა უნდა ამას არ ველოდით. ჩვენ მივესალმებით იმას, რომ როგორც მმართველმა გუნდმა, ასევე ოპოზიციამ გააკრიტიკა და გაკიცხა ეს მოვლენები. რაც აუცილებლად უნდა გაკეთდეს, არის ის, რომ სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგნენ ამ ძალადობის ჩამდენები და მართლმსაჯულება აღსრულდეს. გარდა ამისა ჩვენ ვხედავთ, რომ იზრდება სიძულვილის ენით საუბრის შემთხვევები არა მხოლოდ ლგბტ ჯგუფების წარმომადგენელთა მისამართით, არამედ ისეთ უმცირესობებთან მიმართებაში, როგორიც არის ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები", - განაცხადა პრესკონფერენციაზე ულრიკე ლუნაჩეკმა.

ევროპარლამენტარი საქართველოს მთავრობას ურჩევს, ადამიანთა უფლებების დაცვის და სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში ქვეყანაში ევროპული სტანდარტები დანერგოს. ამ კონტექსტში მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია ქვეყანაში შეიქმნას ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა, რომელიც უნდა მოიცავდეს აკრძალვას სექსუალური, ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფთა დისკრიმინაციის წინააღმდეგ. მისივე თქმით, ასეთი ანტიდისკრიმინაციული კანონი ასევე უნდა იცავდეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და სხვა ჯგუფის ინტერესებს. ულრიკე ლუნაჩეკი ხელისუფლებას ურჩევს, ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის შემუშავების პროცესში აქტიურად ჩაერთოს სამოქალაქო საზოგადოება.

"ხანდახან ადამიანებს ჰგონიათ, რომ ლგბტ-ს უფლებები არის ის, რაც ევროკავშირის მოთხოვნაა. ნაწილობრივ ეს სწორია, რადგან ეს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის ნაწილია, მაგრამ ლგბტ ადამიანები არსებობენ ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. ისინი არსებობდნენ მთელი ისტორიის განმავლობაში. გამომდინარე იქიდან, რომ მეც ლგბტ-ს მივეკუთვნები, კარგად მესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ამ ადამიანებისთვის თავისუფლად იცხოვრონ იმ წესით, რა წესსაც თვითონ ირჩევენ", - განაცხადა ულრიკე ლუნაჩეკმა მედიასთან საუბრისას.
მანვე იმედი გამოთვა, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის შემუშავებაში მმართველი გუნდი და ოპოზიცია ითანამშრომლებს.