გიგა ბოკერია:   პრემიერმა უცოდინრობის გამო პოლიტიკური მასკარადი მოაწყო

გიგა ბოკერია: პრემიერმა უცოდინრობის გამო პოლიტიკური მასკარადი მოაწყო

უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია იმედოვნებს, რომ ხვალ დაგეგმილ სხდომას პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და საბჭოს სხვა წევრები დაესწრებიან. 

"იმედი გვაქვს, უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრება საბჭოს ყველა წევრი, ვისაც ამის ფიზიკური შესაძლებლობა აქვს - პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, თუმცა გვითხრეს, რომ ის შვებულებაშია, შინაგან საქმეთა მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე მოწვეულია რეინტეგრაციის მინისტრი და სხვა პირები - ვიცე-სპიკერი, უმრავლესობის ლიდერი, თბილისის მერი. ყველაზე საკვანძოა, რომ ბატონი პრემიერი მობრძანდეს და იქნებ ამჯერად მაინც გაჩნდეს საუბრის საშუალება სპეკულაციებისა და სპექტაკლების გარეშე", - განაცხადა გიგა ბოკერიამ "პოზიციასთან" საუბარში.

მისივე განმარტებით, უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვის სურვილი მთავრობას არ გამოუთქვამს, რის კონტექსტშიც, აღნიშნულთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის განცხადებები მიუღებელია.

"არანაირი მომართვა არ ყოფილა. პრეზიდენტის და ჩვენი სურვილი თავიდანვე იყო, რომ მიმდინარე საკითხებზე უშიშროების საბჭოს სხდომა ჩატარებულიყო. ჩვენი მხრიდან იყო კიდეც შეთავაზება, თუმცა, პასუხად მივიღეთ დუმილი. სამწუხაროდ, პრემიერ-მინისტრს არასწორი წარმოდგენა აქვს და არც არავინ ჰყავს, ვინც აუხსნის ერთ რამეს - მას ჰგონია, რომ უშიშროების საბჭო ვარ მე. უშიშროების საბჭოს აპარატის მდივანი გახლავართ მე, ვარ ერთ-ერთი წევრი საბჭოსი, მაგრამ უშიშროების საბჭო, უპირველესად, არის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და მისი გუნდი. პრეტენზია - რატომ არ მუშაობთ, მიუღებელია, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მათ მთავრობას ჰგონია, რომ ეს ცალკე მექანიზმია და პრემიერთან კავშირი არ აქვს. ასე რომ, პრემიერმა რაღაც მიზეზების გამო, მათ შორის მისი გუნდის და მისი უცოდინრობის გამო მოაწყო პოლიტიკური მასკარადი", - აღნიშნა უშიშროების საბჭოს მდივანმა.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მიერ "პალიტრა.ტვ"-ს გადაცემა "რეზიუმეში" გაკეთებულ განცხადებას, რომ უკვირს, რაში იღებს ხელფასს გიგა ბოკერია, უშიშროების საბჭოს მდივნის თქმით, "პრემიერის აგრესიული რიტორიკა მიიღო თანხმობად, რომ მზადაა უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობა მიიღოს". "იმედია არ ვცდებით", - დასძინა ბოკერიამ.