ბიძინა ივანიშვილი:  საგარეო პოლიტიკას დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს, შიგნით როგორ დალაგდება ვითარება

ბიძინა ივანიშვილი: საგარეო პოლიტიკას დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს, შიგნით როგორ დალაგდება ვითარება

სადაც გნებავთ იქ მიმესვლება და ხელი ჩამომერთმევა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მის ვიზიტებთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა. 

როგორც პრემიერმა "პალიტრატივის" გადაცემა "რეზიუმესთვის" მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, საგარეო პოლიტიკას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, ახალი ხელისუფლება მას შესაბამის ყურადღებას უთმობს, მაგრამ გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს შიგნით, ქვეყანაში როგორ დალაგდება ვითარება.

"სამწუხაროდ, ბოდიშის მოხდაც მომიწია, რამდენიმე ვიზიტზე უარი ვთქვი. პოლონეთი დაჟინებით მიწვევდა. ბალტიის ქვეყნები დიდი ხანია, იგივე ამერიკაში, ნოემბერში მქონდა მიწვევა და ა.შ. არ არის ეს პრობლემა. სადაც გნებავთ იქ მიმესვლება და ხელი ჩამომერთმევა. არ არსებობს ეს პრობლემა და ამასთან დაკავშირებით კრიტიკა უსუსური და უბადრუკია", - აღნიშნა პრემიერმა.

ივანიშვილის თქმით, სააკაშვილი ქართველ ხალხ არ ეკითხებოდა, რა უნდა გაკეთებინა და ფიქრობს, რომ ძალიან კარგად იქცეოდა და ახალმა ხელისუფლებამაც იგივე უნდა გაიმეოროს. "ყველა მის ხელის ჩამორთმევას გვამადლიდა და დღესაც ჰგონიათ, რომ ვგიჟდებით ქართველები სიხარულით, ფეხზე ვეღარ ვდგებით, როდესაც ის ჩადის რომელიმე ქვეყანაში და ვიღაც მას ხელს ართმევს. მას ჰგონია, რომ ეს არის განმსაზღვრელი. ამდენს დადიოდა, ახლაც დადის და სად დადის ღმერთმა იცის, სულ გარეთ არის, ამდენი ფული იხარჯება. პრიორიტეტები სწორად უნდა დალაგდეს და ყველაზე მეტი საქმე აქ არის. აუცილებელი ვიზიტები რაც იყო, ყველა განვახორციელე. მომავალში სადაც საჭირო იქნება, იქ წავალ და ამის პრობლემა არ არსებობს", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ახლა პრეზიდენტი ისევ ამერიკაში მიდის. "ყოველ ერთ თვეში ამერიკაში დადის. მერე რა?! აბა, გვითხრას რას ალაგებს, რას უკეთებს ქვეყანას, რა სარგებელი აქვს ამით ჩვენს ქვეყანას, პირიქით ხომ არ აკეთებს ეს კაცი?!", - განაცხადა პრემიერმა.