ბიძინა ივანიშვილი:   ნუ გვაქვს იმის განცდა, რომ მოვედით და 5 წუთში ბებერი ევროპის ქვეყნებზე მეტი დემოკრატები ვიქნებით

ბიძინა ივანიშვილი: ნუ გვაქვს იმის განცდა, რომ მოვედით და 5 წუთში ბებერი ევროპის ქვეყნებზე მეტი დემოკრატები ვიქნებით

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილს მადლობას უხდის. როგორც პრემიერმა "პალიტრატივის" გადაცემა "რეზიუმესთვის" მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით კუბლაშვილს ძალიან კარგი და პრინციპული პოზიცია აქვს. 

"მე მესმის კოტე კუბლაშვილის, მას ძალიან კარგი პოზიცია აქვს. მივესალმები, რომ ის პრინციპულად, ისევე, როგორც ჩვენ და მე პირადად, ვიჩენთ პოზიციას, რომ როგორმე მივიღოთ დამოუკიდებელი სასამართლო და ამ პრინციპულობაში მას შემიძლია მადლობაც გადავუხადო, რომ ყველა მისი ქმედება ამისკენ არის მიმართული", - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, სასამართლო პროცესებში ჩარევის მცდელობები, რა თქმა უნდა, არის და იქნება კიდეც. ამასთან, ივანიშვილმა კოტე კუბლაშვილთან სატელეფონო საუბარიც გაიხსენა, რომელიც შეშფოთებას გამოთქვამდა, რამდენიმე ორგანოსა და პირებს ასახელებდა და ამბობდა, რომ მათ აქვთ მცდელობა, ჩაერიონ სასამართლოს საქმეებში.

"მე ვუთხარი, რომ რეაგირებას მოვახდენდი. იქ სუსტი მაგალითებიც იყო მოყვანილი, რომ ვიღაც ვიღაცას შეხვდა. ასეთი პროცესების დარეგულირება ალბათ ძალიან რთული იქნება. დემოკრატიული განვითარების დონე, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია, არ იძლევა იმის საშუალებას, რომ რეფორმა იდეალურად ჩატარდეს, მაგრამ გარწმუნებთ, რომ დამოკიდებულებაა იდეალური. დამოკიდებულებაა ისეთი, რომ ამას ხელისუფლების მხრიდან ვერავინ გაბედავს. ეს არ უნდა იყოს დაგეგმილი პროცესი. ნუ გვაქვს იმის განცდა, რომ მოვედით და 5 წუთში ბებერი ევროპის ქვეყნებზე მეტი დემოკრატები ვიქნებით. მთავარია, რომ გვაქვს პრინციპული დამოკიდებულება, არ ჩავერიოთ ჩვენ და მაღალი თანამდებობის პირები სასამართლო პროცესებში. მაგრამ ის, რომ სადღაც პოლიციის, პროკურატურის ან სპეცსამსახურის თანამშრომელი ნახეს კაფეში მოსამართლესთან ერთად, ამის დარეგულირება ძალიან რთულია. ქარის წისქვილებს არ ვებრძოლოთ", - აღნიშნა ივანიშვილმა.