ევროპარლამენტარები ხელისუფლებას და ოპოზიციას ქვეყნის სასიკეთო საკითხებზე თანამშრომლობისკენ მოუწოდებენ

ევროპარლამენტარები ხელისუფლებას და ოპოზიციას ქვეყნის სასიკეთო საკითხებზე თანამშრომლობისკენ მოუწოდებენ

ევროპარლამენტარის "სოციალისტ-დემოკრატთა პროგრესული ალიანსის S&D" წევრ ლიბორ როუჩეკის განცხადებით, ევროპარლამენტარები ხელისუფლებას და ოპოზიციას რიტორიკის ტემპერატურის დაწევისა და ქვეყნის სასიკეთო საკითხებზე თანამშრომლობისკენ მოუწოდებენ.

ამის შესახებ ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა საქართველოში ვიზიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან ისაუბრა საქართველოში არჩევნების გზით პირველად ხელისუფლების შეცვლისა და დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების მნიშვნელობაზე.

როუჩეკის თქმით, ევროპარლამენტარების საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე - იქნებოდა ეს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, სხვადასხვა უწყებების ხელმძღვანელებთან, უმცირესობის, უმრავლესობის თუ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, ევროპაში ინტეგრაციის შესახებ მყარი ნება ყველამ დააფიქსირა.

მისი თქმით, ამ საკითხზე ქვეყანაში კონსესუსი ძლიერია და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იქნება აღმოსავლეთ პარტიონიორობის სამიტი, რომელიც წლის ბოლოს ვილნიუსში გაიმართება.

"ჩვენ ყველა პარტიის წარმომადგენელი, ვინც ვართ ევროპარლამენტში, მხარს დავუჭერთ საქართველოს ევროინტეგრაციას, ასევე ვიცით, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის აქტულურია სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხი. იმედია, საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ უვიზოდ იმოგზაურონ ევროკავშირის ქვეყნებში. შეხვედრებზე ასევე ვისაუბრეთ ადმინისტრაციული საზღვრის გადმოტანასთან დაკავშირებით. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ის ადამიანები, რომლებიც ზარალდებიან, ჩვეულებრივი მოქალაქეები არიან და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო არ გაურთულდეთ მდგომარეობა მათ, ვინც ადმინისტრაციული ზოლის გასწვრივ ცხოვრობენ. რაც შეეხება საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებს, პირველად მოხდა ხელისუფლების ცვლილება მშვიდობიანი არჩევნების გზით და ერთპარტიული სისტემიდან გადასვლა ისეთ სისტემაზე, რომელიც პლურალისტურია, გარკვეულ დაძაბულობას ქმნის არა მარტო საქართველოში, არამედ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ცვლილებები წარიმართოს კონსტრუქციული დიალოგის საფუძველზე. ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან დიდი დაძაბულობაა მმართველ კოალიციასა და ოპოზიციას შორის. როცა მათ ვესაუბრებოდით, ყოველთვის ხაზს ვუსვამდით, რომ აუცილებელია თანამშრომლობა და ორმხრივი დიალოგი სტრატეგიულ საკითხებთან დაკავშირებით. პარლამენტს შიგნით ასეთი თანამშრომლობის მაგალითები ბევრია. ეს თანამშრომლობა და კონსესუსი, რომელიც არსებობს, საქართველოს ევროპულ არჩევანთან დაკავშირებით, პარლამენტის მიერ მირებული რეზოლუციის სახით, კარგი იქნება თუ გავრცელდება არა მარტო საგარეო საკითხებზე, არამედ საშინაოზეც, ისეთებზე, როგორიცაა სასამართლო რეფორმა და ა.შ. მოვუწოდებთ ხელისუფლებას და ოპოზიციას, დაწიონ რიტორიკის ტემპერატურა და ითანამშრომლონ ქვეყნისთვის სასიკეთო საკითხებზე", - განაცხადა როუჩეკმა.