"ნებისმიერმა პოლიტიკურმა ძალამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ახალი არჩევნები იქნება და ნებისმიერმა სხვამ შეიძლება, გაიმარჯვოს"

"ევროპის სახალხო პარტიიდან" ევროპარლამენტის დელეგაციის წევრის კრჟიშტოფ ლისეკის განცხადებით, ნებისმიერმა პოლიტიკურმა ძალამ უნდა გაითვალისწინოს, რომ 2-3-4-5 წელიწადში იქნება ახალი არჩევნები და ნებისმიერმა სხვამ შეიძლება, გაიმარჯვოს. 

ამის შესახებ ლისეკმა დღეს ევროპარლამენტარების საქართველოში ვიზიტის ბოლოს გამართულ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადა იუსტიციისა და სასჯელაღსრულების მინისტრებს, რათა საშუალება მიეცა მოენახულებინა ვანო მერაბიშვილი.

"ჩვენ არ ვართ არც პროკურორები, არც მოსამართლეები და ხელი არ მიგვიწვდება იმ დოკუმენტაციაზე, რომელიც საქმეში დევს. მე ის მოვინახულე ჰუმანიტარული მიზნებიდან გამომდინარე, რათა მენახა თუ რა პირობებში იმყოფება. ის პირობები, რომელშიც მერაბიშვილი იმყოფება, ნამდვილად დამაკმაყოფილებელია. მას ორი რამ აკლია, რაც ნებისმიერ სხვას მის მდგომარეობაში, ეს არის ოჯახის წევრები და ის, რომ არ აქვს წვდომა ინფორმაციაზე. მინისტრებმა მითხრეს, რომ მას შეუძლია, ტელევიზორის შეტანა მოითხოვოს და ეს დაკმაყოფილებული იქნება. სოზარ სუბარმა ასევე მოგვახსენა, რომ მერაბიშვილს შეუძლია, ოჯახის წევრების მოკლევადიანი ვიზიტების მოთხოვნა", - განაცხადა ლისეკმა.

რაც შეეხება იმას, რჩებათ თუ არა ევროპარლამენტარებს კითხვები იმის თაობაზე, არის თუ არა საქართველოში პოლიტიკური დევნა, ლისეკი აღნიშნავს, რომ ძალიან ძნელია ამის განსჯა, რამეთუ ხელისუფლებას ერთი მოსაზრება აქვს, ოპოზიციას კი – მეორე.

"პოლიტიკური შურისძიება, შერჩევითი სამართალი არის ის, რაც არ უნდა იყოს არა მარტო საქართველოში, არამედ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. ეს ყოველივე არის ზოგადი წესების ნაწილი. მაგალითად, ჩვენ აქ ვართ ევროპარლამენტის სხვადასხვა ფრაქციების წარმომადგენლები და გვაქვს კონკურენცია, თუმცა ეს უნდა იყოს ცივილურ ფორმებში. ხელისუფლებაში მყოფმა ნებისმიერმა პოლიტიკურმა ძალამ უნდა გაითვალისწინოს, რომ 2-3-4 წელიწადში იქნება ახალი არჩევნები და ნებისმიერმა სხვამ შეიძლება, გაიმარჯვოს", - განაცხადა ლისეკმა.