"დღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ძალიან კარგი ხელმძღვანელი ჰყავს"

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელის ჯეიმს აპატურაის აზრით, "დღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ძალიან კარგი ხელმძღვანელი ჰყავს".

ამის შესახებ აპატურაიმ საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

შეხვედრაზე, რომელიც თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა, ნატო-საქართველოს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი ISAF-ის მისიაში საქართველოს კონტრიბუციასაც შეეხო.

როგორც ჯეიმს აპატურაიმ აღნიშნა, საქართველო ალიანსის განსაკუთრებული პარტნიორია. მისი თქმით, ნატო-საქართველოს მსგავსი კომისია ნატო-ს ძალიან ცოტა ქვეყანასთან აქვს შექმნილი. ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ყურადღება ავღანეთის საერთაშორისო მისიაში საქართველოს წვლილზეც გაამახვილა.

"მადლობა გადავუხადე მინისტრს და ქართველ ხალხს იმ წვლილისთვის, რომელიც თქვენს ჯარებს ავღანეთის მისიაში შეაქვთ. ასეთი პატარა სახელმწიფოსთვის 22 გარდაცვლილი დიდი მსხვერპლია. ჩვენ ვისაუბრეთ ამ ოპერაციის მომავალზე და ცნობილია, რომ საქართველო ამ მისიაში 2014 წლის შემდეგაც მიიღებს მონაწილეობას. ეს არა მხოლოდ ნატო-სთვის, არამედ საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანია. თქვენი ქვეყანა იზიარებს ჩვენს ღირებულებებს და ამისთვის მადლობელი ვართ. ჩვენ ასევე, ვისაუბრეთ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტზე. როგორც წესი, საბჭო გასვლით სხდომებს არ მართავს. თუ მისი წევრები მიემგზავრებიან, ისინი ადგილად საქართველოს ირჩევენ. საქართველოს სურს, ალიანსში გაწევრიანება და ჩვენ ვეხმარებით, რომ საჭირო სტანდარტები დააკმაყოფილოს. თავდაცვის მინისტრი ძირეულ რეფორმებს ატარებს თავდაცვის უწყებაში. სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტს ახლახანს მოეწერა ხელი, რასაც ალიანსი მიესალმება. ჩემი აზრით, დღეს თავდაცვის სამინისტროს ძალიან კარგი ხელმძღვანელი ჰყავს", - განაცხადა აპატურაიმ.