161-ე სკოლაში მოსწავლის დაჭრის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო

161-ე სკოლაში მოსწავლის დაჭრის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო

თბილისის 161-ე საჯარო სკოლაში მოსწავლის დაჭრასთან დაკავშირებით განათლების სამინისტრომ მოკვლევა უკვე დაიწყო, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. "მოხდა შემაშფოთებელი ფაქტი. ჩვენ მყისიერად მივეცით რეაქცია ამაზე. ყველა პირის პასუხისმგებლობის საკითხი დამდგარი არის როგორც სკოლის მხრიდან, ასევე მანდატურების მხრიდან. ჩვენ ვაწარმოებთ მოკვლევას და უახლოეს მომავალში მოვახსენებთ საზოგადოებას. ბავშვების თემას იკვლევს შინაგან საქმეთა სამინისტრო", - განაცხადა მარგველაშვილმა. 

161-ე საჯარო სკოლაში ინციდენტი დღეს მოხდა. ინციდენტის შედეგად მე-10 კლასის მოსწავლე ფეხში დაიჭრა. როგორც "ინტერპრესნიუსს" სკოლის დირექტორმა, მიხეილ მინდაძემ განუცხადა, დაჭრა განზრახ არ მომხდარა და ეს ერთმანეთში ხუმრობის დროს მოხდა.

"მათ არ ჰქონიათ ჩხუბი და ეს ფაქტი მათი ერთმანეთში ხუმრობის შედეგად მოხდა. არავითარი განზრახ მცდელობა არ ყოფილა. ერთიც და მეორეც ამბობს, რომ ასე იყო", - განაცხადა მინდაძემ.
მისივე თქმით, დაშავებულს მსუბუქი ჭრილობები აქვს და ჟვანიას სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.