მაია ფანჯიკიძე: პრეზიდენტს ელჩების კანდიდატურების პარლამენტისთვის გადაგზავნისკენ მოუწოდებს

მაია ფანჯიკიძე: პრეზიდენტს ელჩების კანდიდატურების პარლამენტისთვის გადაგზავნისკენ მოუწოდებს

საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე საქართველოს პრეზიდენტს კიდევ ერთხელ მოუწოდებს მისთვის მმართველი გუნდის მიერ წარდგენილი ელჩების კანდიდატურები პარლამენტს დასამტკიცებლად გადაუგზავნოს.

ფანჯიკიძის თქმით, პრეზიდენტისთვის ამ ეტაპზე ოთხ ქვეყანაში ელჩობის კანდიდატურებია გადაგზავნილი. ამასთანავე, მინისტრი აღნიშნავს, რომ მისთვის სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ მეხუთე, ანუ გაეროში საქართველოს ელჩის კანდიდატურა პრეზიდენტმა პარლამენტს როგორც იქნა, გადაუგზავნა.

„რადგან ახლა მე ვიმყოფები ნიუ იორკში და გაეროში მაქვს შეხვედრები, აღვნიშნავ, რომ გაერო-ში ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენ ელჩი გვყოლოდა თებერვლიდან, როდესაც ძველი ელჩი იქნა გაწვეული. ახლა არის უკვე ივნისი და როდის გვეყოლება ელჩი, ჯერ კიდევ უცნობია. საინტერესოა მოესწრება თუ არა მისი ჩამოსვლა გენერალური ასამბლეისთვის, რომელიც სექტემბერში იმართება და რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა მსოფლიო მასშტაბით. გარდა ამისა, ოთხი ქვეყანა არის დარჩენილი უელჩოდ. ზოგიერთ მათგანში ძალიან დიდი ხანია ელჩი არ გვყავს და ეს სერიოზულად უშლის ხელს საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობას, რადგანაც, რაც არ უნდა კარგად იყოს დაკომპლექტებული საელჩო, მისიის ხელმძღვანელის ყოფნა მაინც არის აუცილებელი, რადგანაც მხოლოდ ამ დონეზე არის უზრუნველყოფილი მაღალი დონის ვიზიტების და მაღალი დონის შეხვედრების გამართვა“, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

აქედან გამომდინარე, იგი პრეზიდენტს ელჩების კანდიდატურების პარლამენტისთვის გადაგზავნისკენ მოუწოდებს, რათა სექტემბერში მაინც იქნეს უზრუნველყოფილი დიპლომატიური კორპუსის სრულად დაკომპლექტება. მინისტრის თქმით, რამდენიმე ქვეყანაში ელჩებს უწევთ როტაცია ივნისში, ივლისში და აგვისტოში.

„ოქტომბრამდე კიდევ რამდენიმე ელჩს უწევს როტაცია. ესეც იქნება შემდეგი ეტაპი დანიშვნის და იმედი მაქვს, რომ რაღაცნაირად მოხდება ისე, რომ პრეზიდენტი ჩვენს თხოვნას შეასრულებს, რადგანაც ეს ქვეყანას სჭირდება პირველ რიგში და არა რომელიმე პოლიტიკოსს საქართველოში“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.