"ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით არსებულ ვიდეო-მასალაზე პირველადი დასკვნა მომზადებულია"

მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის განცხადებით, აშშ-ის საელჩომ პროკურატურას აცნობა, რომ ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით არსებულ ვიდეო-მასალაზე პირველადი დასკვნა მომზადებულია.

ამის შესახებ კბილაშვილმა ჟურნალისტებს დღეს გამართულ შეხვედრაზე განუცხადა.

საქმე ეხება აღნიშნულ საქმეში არსებული ერთ ერთი ბრალდებულის ირაკლი ფირცხალავას მიერ წარდგენილ ვიდეო-მასალას, რომელიც ექსპერტიზისთვის აშშ-ში იყო გაგზავნილი.

"გუშინ გვაცნობა ამერიკის საელჩომ, რომ პირველადი დასკვნა მომზადებულია და გადმოგვეცემა", - განაცხადა კბილაშვილმა.

რაც შეეხება სხვა გახმაურებულ საქმეებს, მთავარი პროკურორის თქმით, როგორც აფრასიძეების, ისე ჟვანიასა და 7 ნოემბრის საქმეებზე ინტენსიური გამოძიება მიმდინარეობს.

"არ შეესაბამება სიმართლეს ის განცხადება, რომ ჟვანიას საქმე შეჩერებულია. ამ საქმეს რეგულარულად ვკითხულობ. გვაქვს პროგრესი და ადრე თუ გვიან, ყველაფერი ცნობილი გახდება. საქმეში არის გარკვეული შედეგები, თუმცა ამის ახლა გაცხადება მიზანშეწონილი არ იქნება", - განაცხადა კბილაშვილმა.

რაც შეეხება აფრასიძების საქმესა და 7 ნოემბერს, პროკურორის თქმით, ეს საქმეები დიდ ენერგიას მოითხოვს.

"26 მაისის გამოძიებამ უდიდესი ადამიანური რესურსი მოითხოვა. 7 ნოემბერთან დაკავშირებითაც ინტენსიური გამოძიება მიმდინარეობს, ვეცდებით, 7 ნოემბრამდე 7 ნოემბრის თემა გამორკვეული იყოს", - განაცხადა კბილაშვილმა.