არჩილ კბილაშვილის ინფორმაციით, გელა ხვედელიძე საქართველოში იმყოფება

არჩილ კბილაშვილის ინფორმაციით, გელა ხვედელიძე საქართველოში იმყოფება

მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის ინფორმაციით, გელა ხვედელიძე საქართველოში იმყოფება. ამის შესახებ არჩილ კბილაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერის გიგი უგულავას ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა. უგულავას ინფორმაციით, ხვედელიძე "საქართველოდან გაიყვანეს". რაც შეეხება უგულავას შეფასებას იმასთან დაკავშირებით, რომ ხვედელიძის საქმე გარკვეულ კითხვებს ბადებს, რადგან ის არც სასამართლო პროცესზე უნახავს ვინმეს, არც ციხეში შესული და არც იქიდან გამოსული, მთავარი პროკურორი ამაზეც აკეთებს განმარტებას. 

"ციხე არ არის საჯარო დაწესებულება, რომ მისი ნახვა მედიის წარმომადგენლებს ან თბილისის მერს შეძლებოდა. რაც შეეხება იმას, რომ გელა ხვედელიძე სასამართლო პროცესს არ დასწრებია, ესაა ნებაყოფლობითი აქტი. ხვედელიძის უფლება იყო ის პროცესს დაესწრებოდა თუ არა, მას ამისი სურვილი არ გამოუთქვამს და ამ მხრივ, კანონთან წინააღმდეგობა არ ყოფილა", - აღნიშნა არჩილ კბილაშვილმა.

მისივე შეფასებით, გელა ხვედელიძის თანამდებობიდან გათავისუფლება და დაკავება უმძიმესი გადაწყვეტილება იყო.

"ეს იყო უმძიმესი გადაწყვეტილება, თუნდაც ემოციურ დონეზე, რადგან ძნელია ისეთი მოცემულობისთვის გამკლავება, როცა თანაგუნდელის მიმართ სამართლებრივი ენით გიწევს საუბარი. თუმცა, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რითაც ჩვენ გამოვაცხადეთ მტკიცე ნება რომ დანაშაული, ვის მიერაც არ უნდა იყოს ჩადენილი, არ იქნება შეწყნარებული", - დასძინა არჩილ კბილაშვილმა.