ვანო მერაბიშვილს ბრალი სავარაუდოდ ორი კვირის ვადაში დაუმძიმდება

ვანო მერაბიშვილს ბრალი სავარაუდოდ ორი კვირის ვადაში დაუმძიმდება

ვანო მერაბიშვილს ბრალი სავარაუდოდ ორი კვირის ვადაში დაუმძიმდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა. 

მისი ინფორმაციით, საუბარია სანდრო გირგვლიანის საქმეზე, რომელზეც მერაბიშვილისთვის წარსადგენი ბრალი ამ ეტაპზე იხვეწება.

"ვანო მერაბიშვილის მიმართ დღეს წარდგენილი ბრალი სამ ეპიზოდს მოიცავს, თუმცა არის კიდევ ერთი ეპიზოდი, რომელიც სანდრო გირგვლიანის საქმეს უკავშირდება და მზადდება რომ მას წარედგინოს. საკითხი ეხება გირგვლიანის გარდაცვალების შემდგომ არასწორი გამოძიების წარმართვას, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციას და გამოძიებაზე ისეთ ზემოქმედებას, რომელმაც შედეგად ამ საქმეზე გამოძიების არასწორი წარმართვა მოიტანა. როგორც გაცხადდა, ეს ემსახურებოდა იმ მიზანს, რომ პასუხისმგებლობისგან აერიდებინათ მაღალი თანამდებობის პირები, კერძოდ, დათა ახალაია და ასევე არ გამოკვეთილიყო მისი მეუღლის კავშირი "შარდენ ბარში" მომხდარ ინცინდენტთან. ეს არ არის სრული ჩამონათვალი. რაც შეეხება დროს, მას ბრალი მალე წარედგინება. ჩვენ ცალკეულ დეტალებს ვხვეწთ და ეს, შეიძლება უახლოესი ერთი-ორი კვირის თემა იყოს. იქნება თუ არა სხვა ეპიზოდები, ამის პროგნოზირებას არ შევუდგები, რადგან მიმდინარეობს სხვადასხვა თემების გამოძიება, სადაც, მინიმუმ, მერაბიშვილის შემხებლობა იკვეთება", - განაცხადა კბილაშვილმა.

მთავარი პროკურორის განმარტებით, გამოიკვეთება თუ არა მერაბიშვილის პასუხისმგებლობა სხვა საქმეებზეც, წინასწარ ვერაფერს იტყვის, თუმცა გამორიცხული არაფერია.
არჩილ კბილაშვილს ასევე უჭირს იმის პროგნოზირება, რამდენ ხანს დაჰყოფს ციხეში ვანო მერაბიშვილი.

"ეს სასამართლოს გადასაწყვეტი იქნება. ის დღეს არის მხოლოდ ბრალდებული, ის არ არის დამნაშავე. ყველამ უნდა დავიცვათ უდანაშაულობის პრეზუმფცია. თუ მას სასამართლო დამნაშავედ ცნობს, გაცილებით დიდი ვადით პატიმრობა ემუქრება, ვიდრე არის ერთი წელი, თუ, რა თქმა უნდა, საპროცესო შეთანხმება არ გაფორმდა", - აღნიშნა კბილაშვილმა.

მთავარმა პროკურორმა ის ეპიზოდებიც ჩამოთვალა, რომლებზეც დღეს მერაბიშვილს ბრალი აქვს წარდგენილი.

"ერთია – კვარიათში, კერძო საკუთრებაში არსებული სახლის დაუფლება და მის გარემონტებაზე სახელმწიფო სახსრების გახარჯვა; მეორე – დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების გაფლანგვა, რომელიც ე.წ დასაქმების პროგრამაში 22 ათასამდე მოქალაქის ფიქტიურ ჩართვას უკავშირდება, რომლებიც რეალურად პოლიტიკურ აქტივობას ახორციელებდნენ; მესამეა - 26 მაისთან დაკავშირებული ეპიზოდი. მას ბრალი ედება უფლებამოსილების გადამეტებაში, რაც გამოიხატა მიტინგის უმართებული დაშლაში, როდესაც რამდენიმე ათეულმა ადამიანმა მიიღო სხეულის დაზიანება და რამდენიმე გარდაიცვალა", - განაცხადა კბილაშვილმა.