არჩილ კბილაშვილი:   ლევან კორტავას გარდაცვალებაზე უბედური შემთხვევის ვერსია თითქმის გამორიცხულია

არჩილ კბილაშვილი: ლევან კორტავას გარდაცვალებაზე უბედური შემთხვევის ვერსია თითქმის გამორიცხულია

გეგუთის კოლონიაში პატიმარ ლევან კორტავას გარდაცვალებაზე უბედური შემთხვევის შესახებ ვერსია ამ ეტაპზე თითქმის გამორიცხულია , - ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. 

მისი თქმით, ლევან კორტავას გარდაცვალების საქმე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ამოღებულია გამოსაძიებლად პროკურატურის მიერ და მას დასავლეთ საქართველოს პროკურატურა იძიებს.

კბილაშვილის ინფორმაციით, საქმე გამოძიების სტადიაზეა, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები, დაკითხვები და ჯერჯერობით რაიმე დასკვის გაკეთება ნაადრევია.

"გასაგებია, რომ თავდაპირველი ვერსია უბედური შემთხვევის შესახებ ამ ეტაპზე თითქმის გამორიცხულია, ხოლო რა დანაშაულთან გვაქვს საქმე, ვინ ჩაიდინა ეს დანაშაული, ჩაიდინა პატიმარმა თუ დაწესებულებაში მომუშავე სხვა პირმა, ეს არის ზუსტად გამოძიების საგანი", - აღნიშნა მთავარმა პროკურორმა.

გარდაცვლილი პატიმარი ლევან კორტავა ფოთში 1-ელ ივნისს დაკრძალეს. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ გეგუთის #14 სასჯელაღსრულების დაწესებულების მსჯავრდებულის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ორი სხვადასხვა ვერსია გაავრცელა. ბოლო განცხადებაში სამინისტრო პატიმრის გარდაცვალების მიზეზად პატიმრებს შორის მომხდარ კონფლიქტს ასახელებს. სამინისტროს პირველ განცხადებაში კი პატიმრის გარდაცვალების მიზეზად მისი კიბეზე დაგორება იყო დასახელებული.

პატიმრის ოჯახი მომხდარში ადმინისტრაციას ადანაშაულებს და სამინისტროს ვერსიას არ ეთანხმება.