ირაკლი სესიაშვილი ჩეხეთის პარლამენტის დელეგაციას ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარზე შექმნილ ვითარებაზე ესაუბრება

ირაკლი სესიაშვილი ჩეხეთის პარლამენტის დელეგაციას ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარზე შექმნილ ვითარებაზე ესაუბრება

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ჩეხეთის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დელეგაციას ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარზე შექმნილ ვითარებაზე ესაუბრება. 

სესიაშვილი ჩეხეთის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დელეგაციას სასტუმრო "თბილისი მარიოტში" ხვდება.

"ის, რაც საოკუპაციო ზოლზე ხდება შემაშფოთებელია არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის, მათ შორის ჩეხეთისათვის. ამიტომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმაცია მიიღონ როგორც ხელისუფლებისაგან, ასევე ადგილზე გაეცნონ ვითარებას. ეს არის კიდევ დამატებითი ინფორმაცია, რათა მათმა ხელისუფლებამ გააგრძელოს მუშაობა რუსეთთან და დაარწმუნოს ისინი, რომ რა პროცესიც საოკუპაციო ზოლზე მიმდინარეობს აბსოლუტურად მიუღებელია და დესტრუქციული", - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი სესიაშვილმა შეხვედრის დაწყების წინ.

გარდა ამისა, დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა ჩეხეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

"საქართველოს ჰყავს ძალიან ბევრი მეგობარი, მათ შორის ჩეხეთის რესპუბლიკა. ჩეხი დეპუტატების ვიზიტი ემსახურება იმას, რომ ჩვენი მეგობრობა კიდევ უფრო გაძლიერდეს და გამყარდეს. ჩეხეთი გვერდით გვიდგას, მათ შორის სამხედრო სფეროს პროექტებში თანამშრომლობის საქმეში, რისთვისაც მადლობას ვუხდით. ასევე ჩეხეთი ყოველთვის გვერდით უდგას საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესში", - აღნიშნა თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ.

სესიაშვილთან შეხვედრამდე ჩეხი დეპუტატები პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს შეხვდნენ. დღესვე დაგეგმილია შეხვედრა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძესთან, ასევე შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორიასთან. დღის ბოლოს კი ჩეხეთის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წარმომადგენლები უშიშროების საბჭოს მდივანს გიგა ბოკერიას შეხვდებიან. ასევე დაგეგმილია შეხვედრა თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბროლაძესთან.

ხვალ კი ჩეხი დეპუტატების დელეგაცია გორში ჩავა, სადაც შეხვედრა გაიმართება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის კონტიგენტთან, ასევე გეგმავენ ადმინისტრაციულ საზღვარზე მისვლას და ე.წ. საზღვრის დათვალიერებას.