თურქეთში მომხდარი შეტაკებების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

თურქეთში მომხდარი შეტაკებების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა თურქეთში მომხდარი შეტაკებების შედეგად. ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება. გამოცემის ინფორმაციით, 22 წლის აბდულა კომერთი, რომელიც ოპოზიციური "ხალხის პარტიის" ახალგაზრდული ფრთის წევრი იყო, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა.

სტამბოლსა და ანკარაში ამ დრომდე რჩება ათასობით დემონსტრანტი. წუხელ გვიან ღამით, სამართალდამცავებსა და მომიტინგეებს შორის ორივე ქალაქში მოხდა შეტაკებები. დემონსტრანტები კვლავ მოითხოვენ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის გადადგომას. თუმცა, თურქეთის პრემიერ-მინისტრი, რომელიც ამჟამად მაროკოში ვიზიტით იმყოფება, აცხადებს, რომ სიტუაცია მალე დალაგდება და თურქეთში მიმდინარე ანტისამთავრობო მიტინგები "თურქული გაზაფხულის" მომასწავებელი არ არის.

პრემიერისგან განსხვავებულ განცხადებებს აკეთებ ქვეყნის პრეზიდენტი აბდულა გიული.

"თუ არსებობს განსხვავებული მოსაზრებები, განსხვავებული მდგომარეობები, თვალსაზრისი და ტონი, აღარაფერი დაგვრჩენია გარდა იმისა, რომ მოვისმინოთ ეს განსხვავებული მოსაზრებები", - აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი.

მომიტინგეების სოლიდარობის მიზნით თურქეთის პროფკავშირებმა ორდღიანი გაფიცვა გამოაცხადა. სავარაუდოდ, გაფიცვები მოიცავს სკოლებსა და უნივერსიტეტებსაც. ამ დროისთვის ქვეყანაში 240 ათასი მუშაა გაფიცული, რომლებიც ქვეყნის ხელისუფლებას "სახელმწიფო ტერორში" ადანაშაულებენ.

სტამბოლში, ტაქსიმის მოედანზე საყოველთაო პროტესტი "გეზი პარკის" რეკონსტრუქციის შეჩერების მოთხოვნით 28 მაისს დაიწყო. თუმცა, სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს მომხდარი შეტაკების შედეგად, აქციებმა თურქეთის სხვა დიდი ქალაქებიც მოიცვა. მომიტინგეებმა ხელისუფლება ავტორიტარიზმში დაადანაშაულეს და ერდოღანის გადადგომის მოთხოვნით გაერთიანდნენ.
"სიენენის" ინფორმაციით, ბოლო ორი დღის განმავლობაში მომხდარი შეტაკებების შედეგად 3 195 ადამიანია დაშავებული, ამათგან 25 მძიმე მდგომარეობაშია. ოთხდღიანი შეტაკებების შედეგად კი პოლიციამ ქვეყნის 67 ქალაქში 1 700 ადამიანი დააპატიმრა.