"მოვუწოდებთ თბილისს, შეწყვიტოს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პრინციპების დარღვევა"

ლიტვის ოპოზიციის ლიდერისა და ჩრდილოვანი პრემიერ-მინისტრის ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით,"თუ თბილისი შერჩევითი სამართლის არ შეწყვეტს, საქართველო იმ მოლოდინებს დაშორდება, რომლებიც ვილნიუსის სამიტისთვის არსებობს".

ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა’’ ავრცელებს.

"The Homeland Union - ლიტვის ქრისტიან დემოკრატები", ისევე როგორც სრულიად ლიტველი ხალხი, შეშფოთებით აკვირდება საქართველოში ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდგომ განვითარებულ პოლიტიკურ ვითარებას. მიუხედავად მრავლად გამოთქმული წუხილისა, საქართველოს მეგობრების მიერ და მათი არა ერთი მოწოდებისა, ქართველი პოლიტიკოსების მიმართ, რათა გაერთიანდნენ საერთო ევროპული მიზნის მისაღწევად, ლიტვა, ისევე როგორც საქართველოს სხვა პარტნიორები, კვლავ ვიღებთ ინფორმაციას მთავრობის მხრიდან ოპოზიციის დევნის ფაქტებზე. ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და ოპოზიციის ლიდერის ვანო მერაბიშვილისა და ყოფილი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა მინისტრის ზურაბ ჭიაბერაშვილის დაპატიმრება ისევე, როგორც 100-ზე მეტი ყოფილი თანამდებობის პირის სამართლებრივი დევნა არჩევნების შემდგომ ქვეყანაში შერჩევითი სამართლის გამოყენების თაობაზე იწვევს ეჭვს. ისეთი არათანაზომიერი და უსაფუძვლო ზომების გამოყენება, როგორიცაა დემოკრატიული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ვანო მერაბიშვილისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება გარკვეულ შეშფოთებას იწვევს. ყოველივე ეს გვაფიქრებინებს, რომ ხელისუფლება მიმართულია არა სამართლიანობაზე, არამედ პოლიტიკურ შურისძიებაზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიმართ", - ნათქვამია განცხადებაში.

"საქართველოს მეგობრები ვრწმუნდებით, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ამ ქვეყანაში სიტუაცია ბოლო თვეებში არ გაუმჯობესებულა, ხოლო საქართველოს მთავრობა, ნაცვლად იმისა, რომ ესარგებლა იმ პოლიტიკური კაპიტალით, რაც დადასტურებულ იქნა პირველად ქვეყნის ისტორიაში ხელისუფლების არჩევნების გზით გადაბარებით, სულ უფრო შორდება ევროპული კანონის უზენაესობის სტანდარტებს. ამ კონტექსტში ჩვენი შეშფოთების მთავარ მიზეზს წარმოადგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ სამართლებრივი დევნის დაკავშირება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივობებსა და რიტორიკასთან. თუ თბილისი არ უპასუხებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკოსებისა და დიპლომატებისგან წამოსულ სიგნალებს და არ შეწყვეტს შერჩევითი სამართლის გამოყენებას, საქართველო დაშორდება ევროპული ინტეგრაციის მიზნებსა და იმ მოლოდინებს, რომლებიც არსებობს მიმდინარე წლის ნოემბრის ვილნიუსის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე. წლების განმავლობაში აქტიურად ვუჭერთ რა მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას, დემოკრატიზაციასა და სწრაფ ინტეგრაციას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, მოვუწოდებთ თბილისს, შეწყვიტოს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პრინციპების დარღვევა და დარჩეს იმ დებულებების ერთგული, რომლებსაც მმართველი კოალიციისა და ოპოზიციის მიერ 2013 წლის 7 მარტს ერთობლივად მოეწერა ხელი", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს.