"თუ პრემიერს აქვს ილუზია, რომ ტონის შეცვლით რუსეთის სტრატეგიული ხაზი შეიცვლება, ეს უკეთეს შემთხვევაში გულუბრყვილობაა"

უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერის განცხადებით, "თუ პრემიერ-მინისტრს აქვს ილუზია, რომ ტონის შეცვლით რუსეთის სტრატეგიული ხაზი შეიცვლება, ეს უკეთეს შემთხვევაში გულუბრყვილობაა".

ამის შესახებ ბოკერიამ ჟურნალისტებს სასტუმრო "რედისონში" ევროპარლამენტარებთან შეხვედრის დაწყებამდე განუცახადა.

ის შიდა ქართლში რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ გამყოფი ხაზის გავლებასა და იქ მავთულხლართების გაბმის თემას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს გაგრძელებაა იმ სტრატეგიისა, რომელიც რუსეთის პოლიტიკურ ისტებლიშმენტს გააჩნია.

"მთელი ეს პერიოდი, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთის მხრიდან არის შეუგუებლობა საქართველოს სახელმწიფოებრიობასთან, ჩვენი არჩევნის თავისუფლებასთან და ზოგადად, მეზობლების სუვერენიტეტთან. ეს არის გაგრძელება იმ აგრესიისა, რომელიც ამ ხნის განმავლობაში ჩვენს თვალწინ ხორციელდებოდა. ახალი ხელისუფლების მხრიდან რუსეთთან დიალოგის მცდელობა ლეგიტიმურია. გამოყენებულ უნდა იქნას ყველა საერთაშორისო ბერკეტი, რაც კი ჩვენს ხელთ არის. მიუხედავად შედეგებისა, შენარჩუნებულ უნდა იქნას ჟენევის ფორმატი, სადაც ჩვენს გვერდში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები არიან. არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ რიტორიკის შეცვლის მცდელობები რაიმე შედეგს გამოიწვევს და რუსეთის სტრატეგია შეიცვლება. პირველ რიგში, თუკი პრემიერ-მინისტრს აქვს ილუზია, რომ ტონის შეცვლით და მით უმეტეს, თავისი წინამორბედის კრიტიკით რუსეთის სტრატეგიული ხაზი შეიცვლება, ეს უკეთეს შემთხვევაში გულუბრყვილობაა. ასე არ მოხდება. ერთადერთი გზა არის ყველა ლეგიტიმური ინსტრუმენტით, პოლიტიკურად თუ დიპლომატიური თვალსაზრისით რუსეთის შევიწროვება მსგავს საკითხებში, ბუნებრივია, დიალოგის მცდელობა, სადაც ეს შესაძლებელია. ყველა, ვინც დაუშვებს დისკუსიაში საუბარს იმაზე, რომ კომპრომისებზე წავიდეთ, კარგ შემთხევაში არის ძალიან გულუბრყვილო, ცუდ შემთხვევაში, არ ვიტყვი", - განაცხადა ბოკერიამ.