გიორგი კანდელაკი:  პრემიერის მიერ ოპონენტების დევნა საქართველოს საერთაშორისო მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება

გიორგი კანდელაკი: პრემიერის მიერ ოპონენტების დევნა საქართველოს საერთაშორისო მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება, პოლიტიკური ოპონენტების დევნის შესახებ, საქართველოს საერთაშორისო მდგომარეობაზე უკიდურესად უარყოფითად აისახება , - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და ევროპის კავშირმა საქართველოს მთავრობას უკვე მოუწოდეს, თავი შეიკავოს პოლიტიკური ოპონენტების დევნისგან.

"ისეთი გავლენიანი გამოცემაც, როგორიცაა "ვაშინგტონ პოსტი", აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, გააგრძელოს ოპონენტების დევნა, გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს და ევროპული ინტეგრაციის პროცესს. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მასპინძელი ქვეყნის - ლიტვის - გავლენიან პარლამენტართა ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პოლიტიკური ოპონენტების დევნა და, კონკრეტულად, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მიმართ წინასწარი პატიმრობის სრულიად გაუმართლებელი გამოყენება უარყოფითად აისახება ვილნიუსის სამიტზე და საქართველოს წარმატების მიღწევის შანსს შეამცირებს. იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში იზრდება უმუშევრობა, უარესდება ეკონომიკური მდგომარეობა და ფაქტობრივად, გაყინულია ინვესტიციები, საქართველოს მთავრობის ვალდებულებაა, იზრუნოს ამ საჭირბოროტო საკითხების გადაწყვეტაზე",- განაცხადა კანდელაკმა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა ქვეყნის წინაშე მდგარ საგარეო პოლიტიკურ ამოცანებსაც ყურადღებით უნდა მოეკიდოს, რისთვისაც "ოპოზიციის დევნის" შეწყვეტა აუცილებელია.

"აღნიშნული დევნა არა მხოლოდ გამოუსწორებელ ზიანს აყენებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, არამედ ვერ მიაღწევს ოპოზიციის განადგურების მთავარ დეკლარირებულ მიზანს. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" არის იდეებზე დაფუძნებული მოტივირებული ადამიანებისგან შემდგარი პარტია და დევნის მიუხედავად განიცდის აღმასვლისა და განახლება-გაძლიერების მნიშვნელოვან პროცესს", - აღნიშნა გიორგი კანდელაკმა.