"მოვისმინე პრემიერისგან და მთავრობისგან მკვეთრი განცხადებები, რომ სასამართლო პროცესები პოლიტიკური დევნისგან თავისუფალი იქნება"

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი დარწმუნებულია, რომ "ჩრდილოატლანტიკური საბჭო საოკუპაციო ზოლთან არსებულ ვითარებას დაგმობს".

ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა აპატურაიმ ჟურნალისტებს შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განუცხადა.

"ძალიან კარგი დღე იყო. შეხვედრები კი როგორც ყოველთვის, კონსტრუქციული. როგორც იცით, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი რამდენიმე კვირაში შედგება. საბჭოს სურს ჩამოვიდეს და იხილოს კოჰაბიტაცია. სურს ნახოს, რომ საზოგადოების ყველა მხარე თანხმდება იმ მთავარ ელემენტებზე, რაც გასაკეთებელია. კმაყოფილი ვარ იმით, რაც შეხვედრებზე მოვისმინე. გამოითქვა, გარკვეული შეშფოთებები 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით, ასევე ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებებთან დაკავშირებით. მოვისმინე პრემიერისგან და მთავრობისგან მკვეთრი განცხადებები იმის შესახებ, რომ სასამართლო პროცესები პოლიტიკური დევნისგან თავისუფალი იქნება. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე არ უნდა იყოს პოლიტიკური დევნის აღქმაც კი, რადგან ის საქართველოს ზიანს მოუტანს. ბოლოს მინდა, აღვნიშნო, რომ ჩრდილოატლანტიკური საბჭო კიდევ ერთხელ დაადასტურებს თავის ერთგულებას საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, რომელიც თავისთავად არაღიარების პოლიტიკასაც მოიცავს. დარწმუნებული ვარ, ისინიც დაგმობენ საოკუპაციო ზოლთან არსებულ ვითარებას. ჩვენი აზრით, ხაზის გამოწევა ისევე როგორც ამას აშშ და ევროკავშირი მიიჩნევს, არაკანონიერი და 2008 წლის შეთანხმებების დარღვევაა", - განაცხადა აპატურაიმ.