თბილისის საკრებულოს, შესაძლოა, საბჭო ეწოდოს

თბილისის საკრებულოს, შესაძლოა, საბჭო ეწოდოს

2014 წლიდან თბილისის საკრებულოს შესაძლოა, საბჭო ეწოდოს,- მის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - თბილისელების" თავმჯდომარემ გულიკო ზუმბაძემ დღეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პოლიტიკურ ოფიცერთან, მაია ლაიონსთან შეხვედრაზე განაცხადა.

ზუმბაძემ ამერიკის საელჩოს წარმომადგენელს თბილისის საკრებულოში არსებული ძალთა ბალანსისა და კოჰაბიტაციის პროცესის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, 1 ოქტომბრიდან დღემდე გაწეული სამუშაო და უახლოესი გეგმები გააცნო.

როგორც "ინტერპრესნიუს" გულიკო ზუმბაძემ განუცხადა, თბილისის თვითმმართველობითი ორგანოს სახელწოდების შეცვლის შესახებ ინფორმაცია მას რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აქვს.

"მინისტრ დავით ნარმანიას ქონდა შეხვედრა თვითმმართველობის ქალთა ფორუმის წარმომადგენელებთან, რომელთაც რეგიონებში თვითმმართველობის რეფორმის ახალი პროექტი გააცნო. ითქვა, რომ თბილისის თვითმმართველობის პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს და ჯერ არ დასრულებულა. მინისტრისგან ვიცი, რომ ქვეყანაში, სავარაუდოდ, 35 მუნიციპალიტეტი იქნება და თბილისის საკრებულოს ნაცვლად - საბჭო. საკრებულოს სახელი შეეცვლება. თბილისის საბჭოში 35 მაჟორიტარი იქნება და 15 პროპორციული სიით დეპუტატი. მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჯერ მხოლოდ მოდელზეა საუბარი", - დასძინა საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება - თბილისელების" თავმჯდომარემ.

ზუმბაძემ აღნიშნა, რომ თვითმართველობების პროექტი რეგიონული სამინისტროს მიერ წარმოდგენის შემდეგ განხილვის საგანი გახდება. "თბილისს ხალხთან მიახლოებული თვითმმართველობა სჭირდება", - დასძინა ზუმბაძემ.

ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარემ ისაუბრა იმის შესახებაც, აქვს თუ არა ინფორმაცია საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობიდან" ოპოზიციაში რომელიმე დეპუტატის გადასვლის შესახებ. როგორც ზუმბაძემ განაცხადა, კულუარებიდან აქვს ინფორმაცია, რომ შესაძლოა, უმრავლესობა ორზე მეტმა დეპუტატმა დატოვოს, თუმცა ვინაობა არ დაუკონკრეტებია.
"სანამ თვითონ არ გააკეთებენ განცხადებას, გვარს ვერ დავასახელებ. დეპუტატების მიერ უმრავლესობის დატოვება არ არის მნიშვნელოვანი. ბოლო პერიოდში საკრებულოს ინტერფრაქციულ ჯგუფს საკმაო ბერკეტი აქვს მერიის სტრუქტურებზე ზემოქმედების და იმისთვის, რომ თბილისის ბიუჯეტი გახდეს გამჭვირვალე", - განაცხადა ზუმბაძემ.

ფრაქცია ,,ქართული ოცნება - თბილისელების" თავმჯდომარე არც იმას გამორიცხავს, რომ საკრებულოში ახალი უმრავლესობა აღარ ჩამოყალიბდეს და ამჟამად არსებული მოცემულობით მივიდნენ თვითმართველობის მომავალ არჩევნებამდე.

დღეისთვის თბილისის საკრებულოს უმრავლესობაში 24 დეპუტატია, ოპოზიციაში კი - 22. ამასთან, დეპუტატების არჩევა 25 მაჟორიტარული, ხოლო 25 პროპორციული სიით მოხდა.