ძიძიგური სააკაშვილს ურჩევს, პრეზიდენტის ფონდიდან ფულის ფლანგვას შეეშვას და სოციალურად დაუცველებს დაეხმაროს

ძიძიგური სააკაშვილს ურჩევს, პრეზიდენტის ფონდიდან ფულის ფლანგვას შეეშვას და სოციალურად დაუცველებს დაეხმაროს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად ძიძიგური მიხეილ სააკაშვილს ურჩევს, პრეზიდენტის ფონდიდან სოციალურად დაუცველებს და გაჭირვებულებს დაეხმაროს.

ამის შესახებ ძიძიგურმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.  

"პრეზიდენტი ხარჯავს თანხებს, რომელიც გნებავთ, სპეციალური დაცვის სამსახურის მიერ არის მისთვის გამოყოფილი, გნებავთ, მისი პირადი ფონდიდან. ეს არის ძალიან ცინიკური და შეურაცხმყოფელი საქართველოსთვის, როცა გაჭირვებულ ქვეყანაში თანხები იხარჯება ბოტოქსებზე, გაურკვეველ ნახატებზე, გაურკვეველი პროფესიისა თუ წარმომავლობის ქალბატონების მივლინებებზე, იხარჯება ოჯახის წევრების მისვლა-მოსვლაზე, მათი განათლების საფასურზე და ა.შ. ვფიქრობ, პრეზიდენტს ამ სიტუაციდაან გამომდინარე, ასეთი რჩევა უნდა მივცე, ამას გაითვალისწინებს თუ არა, მისი საქმეა, მაგრამ რამდენიმე მილიონი, რომელიც მას დასახარჯი აქვს, იქნებ რომელიმე გაჭირვებული ადამიანისთვის ან თემისთვის გამოიყენოს. ამდენი წლის განმავლობაში საქართველოში სოციალურად დაუცველი ოჯახი არ უნახავს?! გაჭირვებული ბავშვი არ უნახავს?! ინვალიდი არ უნახავს?! მრავალშვილიანი ოჯახი არ უნახავს?! ვეტერანი არ უნახავს?! უბრალოდ, მინდა, რჩევა მივცე, როგორ დახარჯოს მან ეს მილიონები, რომელიც ჯერ კიდევ შეუძლია მისი ფონდიდან განკარგოს. ჩემი მხრიდან რჩევაა და მეტი არაფერი. ეს მისი მხრიდან არც ზნეობრივი ნაბიჯი იქნება, რადგან უკვე საკმაოდ დაგვიანებულია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ეს ფაქტები გამომზეურდა, მაგრამ პრაგმატული კი ნამდვილად იქნებოდა", - აღნიშნა ძიძიგურმა.