გეგუთის კოლონიაში გარდაცვლილი პატიმრის სხეულზე არსებული დაზიანებების ამსახველი ფოტომასალა

გეგუთის კოლონიაში გარდაცვლილი პატიმრის სხეულზე არსებული დაზიანებების ამსახველი ფოტომასალა

გეგუთის კოლონიაში გარდაცვლილი პატიმრის, ლევან კორტავას ოჯახმა "ინტერპრესნიუსს" პატიმრის სხეულზე არსებული დაზიანებების ფოტოგადაღების საშუალება მისცა. ფოტოები რამდენიმე დღის წინ არის გადაღებული, მაგრამ ოჯახთან შეთანხმების საფუძველზე გარდაცვლილის დაკრძალვის შემდეგ ვაქვეყნებთ. ფოტომასალა მძიმე სანახავია, რისთვისაც სააგენტო ბოდიშს იხდის.
ამასთან, დღეს ცნობილი გახდა, რომ ლევან კორტავას საქმეში რამდენიმე პირია გამოვლენილი, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, რა მოხდა დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალებამდე და ვინ მონაწილეობდა მომხდარ ინციდენტში, რის შედეგადაც კორტავა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროს გენინსპექციის მიერ გამოძიებისას მოპოვებული მასალები სრულად გადაეცა პროკურატურას, რომელიც გამოძიებას მეთვალყურეობდა და დასკვნას სწორედ პროკურატურა მოამზადებს. უწყებაში არ აკონკრეტებენ, გამოძიებისას გამოვლენილი ფიგურები არიან თუ არა გეგუთის ციხის თანამშრომლები.

გარდაცვლილი პატიმარი ლევან კორტავა ფოთში 1-ელ ივნისს დაკრძალეს. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ გეგუთის #14 სასჯელაღსრულების დაწესებულების მსჯავრდებულის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ორი სხვადასხვა ვერსია გაავრცელა. ბოლო განცხადებაში სამინისტრო პატიმრის გარდაცვალების მიზეზად პატიმრებს შორის მომხდარ კონფლიქტს ასახელებს. სამინისტროს პირველ განცხადებაში კი პატიმრის გარდაცვალების მიზეზად მისი კიბეზე დაგორება იყო დასახელებული.
პატიმრის ოჯახი მომხდარში ადმინისტრაციას ადანაშაულებს და სამინისტროს ვერსიას არ ეთანხმება.