"დემოკრატიული ქვეყნების მთავრობები და ობამას ადმინისტრაცია მერაბიშვილის დაკავებაზე პროტესტს არ გამოთქვამენ"

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თინა ხიდაშელის განცხადებით, დემოკრატიული ქვეყნების მთავრობები და ობამას ადმინისტრაცია ვანო მერაბიშვილის დაკავებაზე პროტესტს არ გამოთქვამენ. 

ხიდაშელის თქმით, ამის შესახებ "ვაშინგტონ პოსტის" მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი.

"ვაშინგტონ პოსტი" ძალიან საინტერესო რამეს წერს. არ უარვყოფ, რომ მძიმე სტატია იყო, თუმცა იქ იყო მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც გაშუქების მიღმა დარჩა. იქ შავით თეთრზე წერია, რომ დასავლეთის დემოკრატიული ქვეყნების მთავრობები და მათ შორის, ობამას ადმინისტრაცია მერაბიშვილის დაკავებაზე არავითარ პროტესტს არ გამოთქვამს. "ვაშინგტონ პოსტის" სტატიაში დადასტურებულია ის, რაზეც ჩვენ კარგა ნახია, ვსაუბრობთ, არც ერთი ნორმალური, ცივილიზებული, დემოკრატიული სახელმწიფოს ხელისუფლებას პრობლემა არ აქვს, როდესაც კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულს იძიებ. მე რას ვფიქრობ რომელიმე გაზეთის სტატიაზე, ეს არ არის საინტერესო, ეს მათი სარედაქციო პოლიტიკაა. მათ თავის დროზე სააკაშვილს პუტინი დაარქვეს და ახლაც აქვთ უფლება, რაც უნდათ, ის დაწერონ. მნიშვნელოვანია ის დასტური, რაც მივიღეთ, რომ ისინი მხარს უჭერენ ხელისუფლებას დაუსჯელობის სინდრომის დაძლევაში", - განაცხადა ხიდაშელმა.

შეგახსენებთ, რომ "ვაშინგტონ პოსტში" გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც ვანო მერაბიშვილის დაკავება უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან არის შედარებული.