ახალგაზრდებმა პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია გამართეს

ახალგაზრდებმა პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია გამართეს

ახალგაზრდები პრეზიდენტსა და "ნაციონალურ მოძრაობას" რუსეთის მიმართ აგრესიული რიტორიკის შეწყვეტისაკენ მოუწოდებენ. 

ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციისა და დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაციის წევრებმა დღეს პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია გამართეს. აქციაში დაახლოებით 15-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა. მათ ჰქონდათ ლოზუნგები - "არა ოკუპაციას".

ახალგაზრდებმა რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებული ქმედებები გააპროტესტეს. ახალგაზრდა უფლებადამცველთაAასოციაციის ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო წიტაიშვილმა მიმართვა წაიკითხა. მიმართვის თანახმად, სოფელ დიცში განვითარებული მოვლენები წარმოადგენს რუსული მხარის მიერ კარგად დაგეგმილ პროვოკაციას, რომლის მიზანიცაა ქართული მხარის მხრიდან სიტუაციის ხელოვნური გამწვავება.

"მიუღებელია საზოგადოების ზოგიერთი წევრის და პოლიტიკოსის მიერ გაკეთებული განცხადებებ, რომლებიც მოითხოვენ მშვიდი რიტორიკის მწვავეთი ჩანაცვლებას და უფრო რადიკალური ზომების მიღებას აღნიშნული პროვოკაციების პასუხად", - ნათქვამია მიმართვაში.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მწვავე რიტორიკა გაუაზრებელ ნაბიჯებს გამოიწვევს რუსეთთან მიმართებაში.

"იქიდან გამომდინარე, რომ საქმე გვაქვს ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ჰელსინკის თათბირის დასკვნითი აქტის ორი პრინციპის- ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვეველობის პრინციპის ხელყოფასთან, ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას და საქართველოში ევროკავშირის მისიას გააძლიერონ მუშაობა რუსულ მხარესთან სამი მიმართულებით: შეასრულონ მედვედევ-სარკოზის შეთანხმებით გათვალისწინებული პირობები, სოფელ დიციდან და მიმდებარე ტერიტორიიდან აღებული იქნას მავთულხლართები და საფორტიფიკაციო

ნაგებობები და საერთაშორისო ზედამხედველობით გაიმართოს დიალოგი ქართველ და რუს მხარეებს შორის, რომლის მიზანი იქნება სამომავლოდ გამოირიცხოს მსგავსი ინციდენტები", - ნათქამია მიმართვაში.

ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაცია და დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაცის წარმომადგენლები იმედს გამოთქვამენ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა აღნიშნულ პრობლემას გულთან ახლოს მიიტანს. ისინი ასევე აპირებენ ეს მიმართვა გაუგზავნონ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს.