მარკ ადომანისი:

მარკ ადომანისი: "ვაშინგტონ პოსტი" ცდება, საქართველოს დემოკრატია საფრთხეში არ არის

"ვაშინგტონ პოსტი" ცდება: საქართველოს დემოკრატია საფრთხეში არ არის", - ამ სათაურით ეხმურება გამოცემა "ფორბსის" კონტრიბუტორი მარკ ადომანისი ამერიკულ გამოცემაში გამოქვეყნებულ სტატიას , სათაურით - "საქართველოს დემოკრატია საფრთხეშია". 

როგორც "ფორბსში" გამოქვეყნებული სტატიის ავტორი აღნიშნავს, ქვეყნის ეკონომიკური ზრდა საქართველოს ხელისუფლების დემოკრატიულობაზე არ არის დამოკიდებული.
"სწრაფ ეკონომიკურ ზრდას ავტორიტარული რეჟიმი აკონტროლებს. დემოკრატიული ხელისუფლება კი ეკონომიკურ სტაგნაციას ადევნებს თვალს. არ ვიცი, რატომ აერია ეს ორი განსხვავებული ცნება – პოლიტიკური ლიბერალიზმი და ეკონომიკური ზრდა - "ვაშინგტონ პოსტს", მაგრამ ეს ისეთი აშკარა და ფუნდამენტური შეცდომაა, რომ ამ არგუმენტის არაკეთილსინდისიერებაზე მეტყველებს", - წერს მარკ ადომანისი.

სტატიის ავტორს მოჰყავს მიხეილ სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს მომხდარი დარღვევები. კერძოდ, სააკაშვილის მთავრობის მიერ კერძო ტელევიზიების გაკონტროლება, ოპოზიციის მხარდამჭერთა დევნა და ხელისუფლების მხრიდან ძალის გადამეტების შემთხვევები.

"ადამიანთა უფლებადამცველი გავლენიანი ორგანიზაციების მოხსენებებით თუ ვიმსჯელებთ, სააკაშვილის დროიდენლი ხელისუფლება ბევრი სერიოზულ დანაშაულსა და ძალადობაში იყო დამნაშავე. "ვაშინგტონ პოსტი" წერს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მაღალჩინოსანთა სასამართლო წესით დევნის ნებისმიერი მცდელობა არალეგიტიმურია. სისულელეა! თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მოხსენებებს გადავხედავთ, აშკარაა, რომ სინამდვილეში ხელისუფლებაში ყოფნისას "ნაციონალური მოძრაობის" მაღალიჩნოსნებს ბევრი სერიოზული დანაშაული აქვთ ჩადენილი. ხელისუფლება, რომელიც ერთგულია კანონის უზენაესობისა, ვალდებულია გამოიძიოს და სამართლებრივი დევნა აწარმოოს ნებისმიერი მაღალჩინოსნის მიმართ, რომელთაც უფლებამოსილებას გადააჭარბეს, რაც დამახასიათებელი იყო სააკაშვილის მთავრობისთვის. "კანონის უზენაესობა" კი იმას ნიშნავს, რომ ყველამ უნდა აგოს პასუხი ჩადენილი დანაშაულისთვის და გამონაკლისი არ არსებობს მხოლოდ იმ მიზეზით, რომ "ჩემმა პოლიტიკამ სწრაფი ეკონომიკური ზრდა მოიტანა", - წერს "ფორბსის" კონტრიბიუტორი.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" სხვა მაღალჩინოსანთა სასამართლო წესით დევნის ლეგიტიმურობა-არალეგიტიმურობა იმის მიხედვით გამოჩნდება, თუ როგორ წარიმართება სასამართლო პროცესი.

"გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოს შესწევს კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის ინსტიტუციონალიზაციის პროგრესის ძალა. ჩვენ იმას კი არ უნდა მივაქციოთ ყურადღება, წარდგებიან თუარა "ნაციონალური მოძრაობის" მაღალჩინოსნები სასამართლოს წინაშე, არამედ იმას, როგორც წარიმართება ეს სასამართლო. შესაძლოა, ივანიშვილის მთავრობა კუდიანებზე ნადირობით არის დაკავებული, მაგრამ ამავე დროს, შესაძლოა, ის სამართლიანობის აღდგენით არის დაკავებული. ჩვენ უბრალოდ უნდა დავიცადოთ და ვნახოთ. და არ უნდა მოვიქცეთ ისე, როგორც "ვაშინგტონ პოსტის" სარედაქციო კოლეგია მოიქცა: არ უნდა დავკავდეთ ცალმხრივი პოლიტიკური სურათის წარმოჩინებით და ცუდად ინფორმირებული სპეკულაციით.

ამერიკულმა გამოცემა "ვაშინგტონ პოსტმა" რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა სარედაქციო საბჭოს სტატია, სათაურით "საქართველოს დემოკრატია საფრთხეშია". სტატიაში აღნიშნული იყო, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება წინა მთავრობას, ვანო მერაბიშვილისა და მიხეილ სააკაშილის ხელმძღვანელობით, ბრალს დებს კანონისთვის თავის არიდებაში, ოპონენტებსა და მედიაზე ზეწოლაში.

"მაგრამ ამ წყვილმა ასევე ჩაატარა ყველაზე დემოკრატიული არჩევნები საქართველოს ისტორიაშიდა სწრაფად აღიარა ის დამარცხება, რომელმაც ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოიყვანა. მოსაზრება, რომ მერაბიშვილის დევნა პოლიტიკური მიზეზებით არ არის განპირობებული, ისეთივე სარწმუნოა, როგორც ის, რომ უკრაინის ოპოზიციის ლიდერი იულია ტიმოშენკო ციხეშია მისი პრემიერ-მინისტრობის დროს ჩადეილი თანამდებობრივი დანაშაულისთვის".

"ვაშინგტონ პოსტში" გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ეკონომიკა შეჩერდა და ხელისუფლება თავს ესხმის ოპონენტებს.

"მილიარდერ ივანიშვილს, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა, მიხეილ სააკაშვილისგან მშვიდობიანი და დემოკრატიული გზით ხელისუფლების მიღების შემდეგ შეეძლო, თავი აერიდებინა წინა რეჟიმის სამართლებრივი დევნისთვის და ფოკუსირება მოეხდინა წინა წლების ეკონომიკური ზრდის გამყარებაზე. ამის სანაცვლოდ, ეკონომიკა გაჩერდა, რამდენადაც ახალმა მთავრობამ ოპოზიციას სასამართლოებსა და ქუჩებში შეუტა", - ნათქვამია "ვაშინგტონ პოსტის" სტატიაში.