სტამბულში წუხანდელი შეტაკება ყველაზე სისხლიანი გამოდგა

სტამბულში წუხანდელი შეტაკება ყველაზე სისხლიანი გამოდგა

სტამბულში, ბეშიქთაშის რაიონში დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის წუხანდელი შეტაკება ყველაზე სისხლიანი გამოდგა მას შემდეგ, რაც გასულ კვირას ქვეყანა მასობრივმა საპროტესტო აქციებმა მოიცვა. ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება.

შეტაკების შედეგად დაშავებულებს პირდაპირ ბეშიქთაშის რაიონში მდებარე მეჩეთებში, მაღაზიებსა და უნივერსიტეტში ათავსებდნენ. თურქეთის პრემიერ-მინისტრ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის ოფისთან შეკრებილმა მომიტინგეებმა ქვები დაუშინეს სამართალდამცავების მიერ აგებულ ბარიკადებს, პოლიცია კი, მათ დაშლას ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლით შეეცადა.

თურქეთის მედიკოსთა ასოციაციის ინფორმაციით, პარასკევიდან მოყოლებული ადგილობრივ საავადმყოფოებში 484 დაშავებული დემონსტრანტია მოთავსებული.

პოლიციის წარმომადგენელთა განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით ამ დრომდე 1 700 ადამიანია დაკავებული.

"ბიბისის" ინფორმაციით, დემონსტრაციები გრძელდება ანკარაში, იზმირსა და სხვა ქალაქებშიც. წუხანდელ შეტაკებებში 10 ათასი ადამიანი მონაწილეობდა.

თურქეთი მასობრივმა აქციებმა პარასკევს მოიცვა. სტამბულში შეკრებილი მომიტინგეები ტაქსიმის მოედანზე მდებარე "გეზი პარკის" რეკონსტრუქციას აპროტესტებდნენ. თუმცა, პოლიციასთან მომხდარი შეტაკების შედეგად, აქციამ მასობრივი ხასიათი მიიღო. ქვეყნის პრემიერის, ერდოღანის განცხადების შემდეგ, რომელმაც აღნიშნა, რომ მიუხედავად აქციებისა პარკის რეკონსტრუქცია გაგრძელდება და მის ადგილზე სავაჭრო ცენტრი აშენდება, დემონსტრანტები თურქეთის ხელისუფლების გადადგომას მოითხოვენ.

"ემნესთი ინთერნეიშენალის" მონაცემებით, ტაქსიმის მოედანზე საპროტესტო აქციას ორი ადამიანი ემსხვერპლა.