კრჟიშტოფ ლისეკი ვანო მერაბიშვილთან შეხვედრას ითხოვს

კრჟიშტოფ ლისეკი ვანო მერაბიშვილთან შეხვედრას ითხოვს

ევროპარლამენტის წევრი, "ევროპელ ხალხთა პარტიის" წარმომადგენელი კრჟიშტოფ ლისეკი პატიმრობაში მყოფ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილთან შეხვედრას ითხოვს.

როგორც ევროპარლამენტარმა საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ განაცხადა, მან იუსტიციის მინისტრს თხოვნა უკვე გაუგზავნა, რომ მერაბიშვილთან სტუმრობის საშუალება მისცეს.

"როგორც ვიცი, ის ჯერ კიდევ პატიმრობაში იმყოფება. იმედი მაქვს პრემიერ ივანიშვილის მთავრობა მისი ნახვის შესაძლებლობას მომცემს", - აღნიშნა კრჟიშტოფ ლისეკიმ.

მისივე თქმით, იგი დელეგაციასთან ერთად აპირებს შეხვდეს პრემიერ-მინისტრს, მინისტრებს, პრეზიდენტს, ასევე ოპოზიციის ლიდერებს - დავით ბაქრაძესა და გიორგი ბარამიძეს.

"ოპოზიციასა და მმართველ კოალიციას შორის გარკვეული დაძაბულობაა. ევროპარლამენტის დელეგაცია იმედოვნებს, რომ ამასთან დაკავშირებით ბევრ შეკითხვას დასვამს, რადგან საქართველოს ევროპული მომავალი გარანტირებული იქნება მხოლოდ მაშინ თუ თანამშრომლობა და კოჰაბიტაცია შედგება", - მიაჩნია ევროპარლამენტარს.

მან კომენტარი საქართველოს მიმართ რუსეთის ბოლოდროინდელ ქმედებებთან დაკავშირებითაც გააკეთა.

"რაც შეეხება რუსეთის მიერ საზღვრის გადმოწევას, ჩემი მოსაზრება იგივეა, რაც ევროპარლამენტის. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს იმ სახით, როგორც ევროპის რუკაზე, 2008 წლის ომამდე იყო და ვფიქრობთ, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, რაც საერთაშირისო კანონს ეწინააღმდეგება", - დასძინა ლისეკიმ.

ევროპარლამენტართა საგანგებო დელეგაცია საქართველოში გვიან ღამით ჩამოფრინდა.