პარლამენტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობისთვის 45 კანდიდატურა წარედგინა

პარლამენტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობისთვის 45 კანდიდატურა წარედგინა

პარლამენტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობისთვის 45 კანდიდატურა, ხოლო მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრის პოზიციაზე 5 კანდიდატურა წარედგინა. როგორც "ინტერპრესნიუსს" იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძემ აცნობა, დღეს კომიტეტი კონკრეტული კანდიდატურების შესახებ იმსჯელებს.

"იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებისა და სადისციპლინო კოლეგიის წევრობის კანდიდატების საბუთები უკვე წარმოდგენილია. კომიტეტმა საბუთები უნდა შეაფასოს ფორმალური ნიშნით - რამდენად შეესაბამება ის კანონის მოთხოვნებს და შემდეგ გადასცეს ბიუროს" – აღნიშნა ხმალაძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრობის კანდიდატები შეირჩევიან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევრებისგან, ადვოკატთა ასოციაციის წევრებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისგან, შესაბამისი ორგანიზაციის კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოს რეკომენდაციის საფუძველზე. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, ადვოკატთა ასოციაცია, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი უფლებამოსილია პარლამენტს წარუდგინოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის არა უმეტეს 3 კანდიდატისა და საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრობის თითო კანდიდატი.

კანონით დადგენილი ფორმალური პროცედურების გავლის შემდეგ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრების არჩევის პროცესი პლენარულ სხდომაზე გადაინაცვლებს, რაც "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე სრულიად ახალი წესით და პროცედურებით მოხდება.
პარლამენტი კონკურსის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ექვს წევრსა და საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის ორ წევრს აირჩევს. ამასთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებს აირჩევს მოსამართლეთა კონფერენცია, რომელიც 9 ივნისს არის დაგეგმილი.