დეპუტატები დღეს ქუთაისში თვითმფრინავით ჩაფრინდებიან

დეპუტატები დღეს ქუთაისში თვითმფრინავით ჩაფრინდებიან

დეპუტატები დღეს პარლამენტში მისასვლელად და საკუთარი უფლებამოსილების შესასრულებლად "ჯორჯიან ეარვეისის" მომსახურებით ისარგებლებენ.

"ჯორჯიან ეარვეისის" რეგულარული რეისით: თბილისი–ქუთაისი–თბილისი, დღეს პარლამენტის წევრები და აპარატის თანამშრომლებიც იმგზავრებენ, თუმცა როგორც ცნობილია, პარლამენტის წარმომადგენლებს ავიაკომპანია აღნიშნულ მარშრუტზე ბილეთის 50 პროცენტიანი ფასდაკლებით შეძენის შესაძლებლობას აძლევს.

ამის თაობაზე უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ განცხადება რამდენიმე დღის წინ, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გააკეთა.

"მიმდინარეობს მოლაპარაკება კომპანიასთან. 3 ივლისიდან "ჯორჯიან ეარვეისი" იწყებს რეგულარულ ფრენებს თბილისი-ქუთაისი-თბილისის მიმართულებით. რეისი კვირაში 4-ჯერ შესრულდება. ბილეთის ფასი 89 ლარია. თუ ჩვენ ერთიან კონტრაქტს გავაფორმებთ, მაშინ ჩვენთვის იქნება ნახევარ ფასად და გადაადგილება 44.5 ლარი დაგვიჯდება. თვითმფრინავი დილით ადრე გამოფრინდება, 20 წუთში ქუთაისში იქნება, საღამოს 9-ის ნახევარზე გაფრინდება და ასევე 20 წუთში იქნება თბილისში", - განაცხადა საგანელიძემ ბიუროს სხდომაზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ დეპუტატებსა და აპარატის თანამშრომლებს ხშირად უწევთ თბილისსა და ქუთაისში გადაადგილება და აღნიშნული წინადადება მათთვის ხელსაყრელი იქნება.

აღნიშნულ თემას გუშინ ფრაქცია "ქართული ოცნების" ხელმძღვანელი ზაქარია ქუცნაშვილიც გამოეხმაურა. "რამდენადაც მე ვარ ინფორმირებული, საუბარია ჩვეულებრივ სარეისო მომსახურებაზე, რომლის ღირებულებაა 90 ლარი, თბილისი-ქუთაისის მიმართულებით. ეს მაინც და მაინც იაფი არ გახლავთ. რა თქმა უნდა, კომპანიას უფლება აქვს, კლიენტთან კორპორაციული კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში, უფრო ნაკლები ანაზღაურება მიიღოს, მაგრამ კორპორაციული ხელშეკრულების გაფორმებისას, პარლამენტის 150 წევრიდან 100 მაინც უნდა იყოს თანახმა, რომ ამ მომსახურებით ისარგებლებს. გამიჭირდება ვილაპარაკო სხვების მაგივრად", - განუცხადა ჟურნალისტებს ზაქარია ქუცნაშვილმა.