საქართველოში დღეს ნატო-ს კვირეული გაიხსნება

საქართველოში დღეს ნატო-ს კვირეული გაიხსნება

საქართველოში დღეს ნატო-ს კვირეული გაიხსნება, რომელიც 3–10 ივნისს ჩატარდება და რიგით მე-6 იქნება. ნატო-ს დღეებს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი და ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი გახსნიან.

კვირეულის ფარგლებში საქართველოს ნატოს შტაბ-ბინიდან მაღალი დონის სტუმრები ეწვევიან. დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება. თბილისში დღეს ჩატარდება საერთაშორისო სემინარი - "საზოგადოების ინფორმირება ნატოში ინტეგრაციის პროცესის შესახებ" ნატოს ასპირანტი ქვეყნების (მონტენეგრო, ბოსნია და ჰერცოგოვინა, მაკედონია) მონაწილეობით. ასევე დაგეგმილია შეხვედრები სტუდენტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, სპორტული ღონისძიებები, გამოფენები, სხვადასხვა კონკურსები და დებატები თბილისსა და რეგიონებში.

ნატოს კვირეული ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით იმართება. კვირეულის მხარდამჭერები ასევე არიან რუმინეთის საელჩო საქართველოში (ნატოს საკონტაქტო საელჩო) და ნატოს სამეკავშირეო ოფისი.
ნატოს კვირეული 10 ივნისს "ნატოს ახალგაზრდული სამიტით" დაიხურება.