პოლიტიკურ პარტიებს შესაძლოა ბიუჯეტიდან დაფინანსების მოპოვების მხრივ არსებული ბარიერი გაუმარტივდეთ

პოლიტიკურ პარტიებს შესაძლოა ბიუჯეტიდან დაფინანსების მოპოვების მხრივ არსებული ბარიერი გაუმარტივდეთ

პოლიტიკურ პარტიებს შესაძლოა ბიუჯეტიდან დაფინანსების მოპოვების მხრივ არსებული ბარიერი გაუმარტივდეთ. ამასთან, დაგეგმილია იურიდიული პირებისათვის პარტიების შემოწირულობის უფლების დაბრუნება, რა უფლებაც მათ საპარლამენტო არჩევნების წინ ჩამოერთვათ.

ამ ყველაფერს საარჩევნო კანონმდებლობაში და მასთან ერთად "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელთან დაკავშირებითაც ინტერფრაქციული ჯგუფის ფორმატში პოზიციები უკვე შეჯერდა, კანონპროექტის პარლამენტში ინიცირება კი, უახლოეს მომავალში იგეგმება.

ჯერ კიდევ მოქმედი კანონმდებლობით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან პარტიებზე გასანაწილებლად გამოყოფილ თანხას ის პარტია იღებს, რომელმაც უკანასკნელ საპარლამენტო არჩევნებში - 4%-იანი ბარიერი ან უკანასკნელ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 3%-იანი ბარიერი გადალახა. როგორც ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელი ზაქარია ქუცნაშვილი განმარტავს, პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული ბარიერი დაიწევს და როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში ის 3%-იანი იქნება.

"დაიწევა პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული საარჩევნო ბარიერი. ეს 3%-იანი ბარიერი იქნება, რითაც პარტიების განვითარებას შეეწყობა ხელი. ასევე ჩვენ მივცემთ იურიდიულ პირებს პარტიებისთვის შემოწირულობის განხორციელების უფლებას, რომელიც მათ საპარლამენტო არჩევნების წინ ჩამოერთვათ. ჩვენ შევქმნით პირობებს, რომ ქვეყანაში პარტიული დემოკრატია განვითარდეს და ის არ იყოს კონტროლის პალატის მარწუხების ქვეშ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ დაცული იყოს აქტიური და პასიური საარჩევნო უფლების გამოხატვის თავისუფლება და ყველა კანდიდატს მიეცეს საშუალება, კამპანია ფუნდამენტური კონსტიტიციური უფლებების სრული დაცვით აწარმოოს", - განაცხადა ქუცნაშვილმა.

საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების პროექტით დაგეგმილია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო სიების ბიომეტრიული პარამეტრების მიხედვით ფორმირება.