იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა კონფერენციის რეგლამენტში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა კონფერენციის რეგლამენტში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ამ წუთებში სხდომა მიმდინარეობს, სადაც მოსამართლეთა კონფერენციის რეგლამენტში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ. კანონის თანახმად, მოსამართლეთა კონფერენციის რეგლამენტში ცვლილებებს სწორედ იუსტიციის საბჭო ამზადებს და შემდგომ მოსამართლეთა კონფერენციას წარუდგენს. კონფერენცია გადახედავს მას და საჭიროების შემთხვევაში შესაძლებლობა აქვს დამატებები შეიტანოს.

"იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრებმა, რომლებიც პარლამენტის წევრები არიან გვთხოვეს, რომ საბჭოს სხდომა დღეს ჩაგვეტარებინა, რადგან მომავალი კვირისთვის ობიექტური მიზეზების გამო მათ შესაძლოა სხდომაში მონაწილეობა ვერ მიიღონ. ჩვენ დავთანხმდით ამ თხოვნას. დღეს განვიხილავთ აღნიშნულ საკითხს. მოვისმენთ მათ შენიშვნებს. შესაძლოა ჩვენ, მოსამართლეებს ყველაფერზე არ დავეთანხმოთ, მაგრამ ვიმსჯელებთ რა იქნება უმჯობესი რეგლამენტისთვის და მოსამართლეთა კონფერენციისთვის", - განუცხადა ჟურნალისტებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელმა კონსტანტინე კუბლაშვილმა.

მოსამართლეთა კონფერენციის რეგლამენტში შესატანი ცვლილებები თავის მხრივ საერთო სასამართლოების შესახებ კანონში განხორციელებულ ცვლილებებს უკავშირდება, რომლის საფუძველზეც მთლიანად იცვლება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის წესი. 22 ივნისი არის ბოლო ვადა, როცა ახალი შემადგენლობის იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მუშაობა უნდა დაიწყოს. მანამდე მოსამართლეთა კონფერენცია საბჭოს მოსამართლე წევრებს, ხოლო პარლამენტი საბჭოს არამოსამართლე წევრებს აირჩევს.