ნინო ლომჯარია - გადმოწეულ საოკუპაციო ზოლზე ამ წუთისთვის ხაზის გავლების სამუშაოები არ მიმდინარეობს

ნინო ლომჯარია - გადმოწეულ საოკუპაციო ზოლზე ამ წუთისთვის ხაზის გავლების სამუშაოები არ მიმდინარეობს

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დღეს სოფელ დიცში იმყოფებოდნენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (ISFED) ხელმძღვანელმა, ნინო ლომჯარიამ განუცხადა, ისინი გაესაუბრნენ ადგილობრივ მოსახლეობას და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს.

ლომჯარიას თქმით, მათ მიეცათ საშუალება დაეთვალიერებინათ ის ადგილები, სადაც საოკუპაციო ხაზი გადის. "ჩვენ დავათვალიერეთ ის ადგილები, სად ჩაყარეს რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა რამოდენიმე კვირის წინ ახალი ბოძები, რათა ხელოვნურად გაეყვანათ ადმინისტრაციული საზღვარი. ამ წუთას, აქ, უშუალოდ მოსახლეობასთან გასაუბრების შემდეგ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ იყო მცდელობა ადმინისტარციული საზღვრიდან 300 მეტრით გადმოეწიათ. რეალურად ჩაყარეს რკინის ბოძები მას შემდეგ, რაც გახმაურდა ეს ფაქტი, ამ წუთისთვის გადმოწეულ საოკუპაციო ზოლზე ხაზის გავლების სამუშაოები არ მიმდინარეობს, თუმცა ბოძები არის ჩაყრილი",- განაცხადა ლომჯარიამ.

მისივე თქმით, ყოველივე ამასთან დაკავშირებით, მოსახლეობა ფიქრობს, რომ განსაკუთრებული არაფერი ხდება. "როგორც მოსახლეობა ამბობს, ამ ტერიტორიებზე რუსი მესაზღვრეები ყოველთვის ჩნდებოდნენ და პატრულირებდნენ", - აღნიშნა ლომჯარიამ.

მისივე თქმით, ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს ისიც, რომ 2008 წლის ომის შემდეგ წყლის სათავე ნაგებობა რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოექცა და სარწყავ წყალს შეზღუდვით, 2 დღეში ერთხელ, ისიც ერთი საათის განმავლობაში იღებენ.

სოფელ დიცში მდგომარეობის გასაცნობად ორგანიზაციები: "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED), "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო", "კონსტიტუციის 42-ე მუხლი", "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" და სხვა არასამთავრობოები იმყოფებოდნენ. ნინო ლომჯარიას განცხადებით, დიცის შემდეგ ისინი მიემგზავრებიან დვანში, სადაც დიცის მსგავსი პრობლემებია. თბილისში დაბრუნებული არასამთავრობოები კი ხელისუფლებას და საერთაშორისო საზოგადოებას მათ მიერ ნანახის თაობაზე ინფორმაციას მიაწვდიან.