ბიძინა ივანიშვილმა თბილისში მცხოვრებ სომხებს ვარდატონი მიულოცა

ბიძინა ივანიშვილმა თბილისში მცხოვრებ სომხებს ვარდატონი მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა თბილისში მცხოვრებ სომხებს საიათნოვასადმი მიძღვნილი დღესასწაული ვარდატონი მიულოცა. როგორც ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ეს დღე ქართველი და სომეხი ხალხის საერთო დღესასწაულია. პრემიერის თქმით, საიათნოვა ქართულ-სომხური ურთიერთობების სიმბოლოა. 

ივანიშვილის განცხადებით, საიათნოვა შუა საუკუნეების გვიანი პერიოდის სომხური პოეზიისა და სასულიერო კულტურის სახელოვანი წარმომადგენელი იყო. მისივე თქმით, თბილისში აღა მაჰმად ხანის შემოსევას ემსხვერპლა საიათნოვა და ესეც არის ქართულ-სომხური ერთობლივი ისტორია. "ის იყო დიდი ჰუმანისტი. ის ერთნაირად ძვირფასია როგორც სომხებისთვის, ასევე ქართველებისთვის", - განაცხადა პრემიერმა.

ივანიშვილის თქმით, ის არა მხოლოდ ქართველი და სომეხი ხალხის საერთო წინაპარია, არამედ შესაძლოა ურთიერთობების გაღრმავების სიმბოლოდაც ჩაითვალოს. "დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობა გამორჩეული იქნება რეგიონში. ჩვენ ერთ სახელმწიფოს ვაშენებთ. თითოეული მოქალაქის როლი მნიშვნელოვანია და მჯერა, რომ აქტიურად ჩაერთვებით ამ პროცესში", - მიმართა პრემიერმა მოსახლეობას.

ამჟამად მეიდანზე საიათნოვასადმი მიძღვნილი კონცერტი ტარდება.