ხვალ ალექსი პეტრიაშვილი და ჯეიმს აპატურაი ნატო-ს კვირეულს ოფიციალურად გახსნიან

ხვალ ალექსი პეტრიაშვილი და ჯეიმს აპატურაი ნატო-ს კვირეულს ოფიციალურად გახსნიან

ხვალ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი და ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი ნატო-ს კვირეულს ოფიციალურად გახსნიან.

საქართველოში ნატო-ს კვირეულის ფარგლებში, რომელიც 3–10 ივნისს გაიმართება ქვეყანას ნატო-ს შტაბ-ბინიდან მაღალი დონის სტუმრები ეწვევიან. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება.

თბილისში 3 ივნისს გაიმართება საერთაშორისო სემინარი -"საზოგადოების ინფორმირება ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის შესახებ" ნატო-ს ასპირანტი ქვეყნების (მონტენეგრო, ბოსნია და ჰერცოგოვინა, მაკედონია) მონაწილეობით. ასევე დაგეგმილია შეხვედრები სტუდენტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, სპორტული ღონისძიებები, გამოფენები, სხვადასხვა კონკურსები და დებატები თბილისში და რეგიონებში.

ნატოს კვირეული ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით იმართება. კვირეულის მხარდამჭერები ასევე არიან რუმინეთის საელჩო საქართველოში (ნატო-ს საკონტაქტო საელჩო) და ნატო-ს სამეკავშირეო ოფისი.

ნატო-ს კვირეული 10 ივნისს "ნატოს ახალგაზრდული სამიტით" დაიხურება.