თბილისში ევროპის პარლამენტის საგანგებო დელეგაცია ჩამოდის

თბილისში ევროპის პარლამენტის საგანგებო დელეგაცია ჩამოდის

თბილისში ევროპის პარლამენტის საგანგებო დელეგაცია ჩამოდის. ევროპარლამენტართა ვიზიტი 3-4 ივნისს გაიმართება. დელეგაციის შემადგენლობაში არიან ლიბორ როუჩეკი (სოციალისტ-დემოკრატთა პროგრესული ალიანსი ევროპის პარლამენტში - S&D), კრჟიშტოფ ლისეკი (ევროპელ ხალხთა პარტია - EPP), იან კოჟლოვსკი (ევროპელ ხალხთა პარტია - EPP), ბორის ზალა (სოციალისტ-დემოკრატთა პროგრესული ალიანსი ევროპის პარლამენტში - S&D), ანემი ნეიც-უტებროკი (ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის - ALDE ), რიშარდ ჩჟარნეცკი (ევროპელ კონსერვატორთა და რეფორმისტთა ჯგუფი - ECR), ულრიკე ლუნაჩეკი (მწვანეები/ევროპელთა თავისუფალი ალიანსი ევროპის პარლამენტში Greens/EFA).

ვიზიტის ფარგლებში, პირველი შეხვედრა ხვალ, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან გაიმართება. შემდგომ ევროპარლამენტარები მედიის წარმომადგენლებს შეხვდებიან. ხვალ დაგეგმილია შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებთან.

ვიზიტის მეორე დღეს - 4 ივნისს, ევროპარლამენტის დელეგაცია სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანსა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრ სოზარ სუბარს შეხვდება.

შეხვედრების ბოლოს ევროპარლამენტარები პრესკონფერენციას გამართავენ. დელეგაცია თბილისს 5 ივნისს დატოვებს.