ფოთის პორტის გავლით, მე-19 საუკუნის წიგნების საქართველოდან უკანონოდ გატანის ფაქტი აღიკვეთა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ფოთის პორტის გავლით, ბელორუსის მიმართულებით, ღვინით დატვირთული სატვირთო მანქანა გადაადგილებოდა. საბაჟო კონტროლის განხორციელებისას, ავტომანქანაში მე-19 საუკუნეში გამოცემული 20 ერთეული წიგნი გამოვლინდა. მანქანის მძღოლს განემარტა, რომ წიგნები სიძველიდან გამომდინარე, შესაძლოა, კულტურულ ფასეულობას განეკუთვნებოდეს. შესაბამისად, ასეთი ნივთების გატანა მხოლოდ სპეციალური ნებართვითაა შესაძლებელი.
შემოსავლების სამსახურის ცნობით, ნებართვის უქონლობის გამო, წიგნების საზღვარგარეთ გატანა აღიკვეთა.