შინაგან საქმეთა სამინისტრომ დიდი ოდენობით "ჰეროინი" ამოიღო. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-დან აცნობეს, დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი, 1960 წელს დაბადებული დავით შ. თბილისში დააკავეს.
"სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას "ჰეროინის" შემცველი 49,2121 გრამი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ნარკოლოგიური შემოწმებით, დაკავებულს "ოპიუმის" ჯგუფის ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა", - აცხადებენ შსს-ში.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.