საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებით, ზოგიერთებს თეოკრატია კლერიკალობაში ერევათ. სიონის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით წირვა შესრულდა.
ლიტურგიის დასრულების შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართა და დღევანდელი დღე სრულიად საქართველოს მიულოცა. პატრიარქმა აღნიშნა, რომ ჩვენ ძალიან ხშირად გვავიწყდება რისი მფლობელები ვართ, რა მოგვცა ღმერთმა, რას ვაკეთებთ და სად მივდივართ.
უწმიდესის თქმით, საქართველოში ჩამობრძანებული იყო წმინდა ილია წინასწარმეტყველის ხალენი, უფლის კვართი.
"ღვთის დიდი სასწაულია, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია და რომ წმინდა ნინომ იქადაქა აქ, ამ მიწაზე დადიოდა", - აღნიშნა უწმინდესმა.
პატრიარქმა აღნიშნა, რომ გვავიწყდება როგორი დიდი ფასეულობის მფლობელი ვართ, ეს არის ჩვენი კულტურა, ისტორია ჩვენი სარწმუნოება, თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც შეურაცხყოფენ ჩვენ ხალხს, ჩვენ მიწას, ჩვენს კულტურას.
პატრიარქის თქმით, ბოლო დღეებში ასეთი რამ ისმის, რომ არ გვინდა თეოკრატია. უწმიდესის განცხადებით, ვინც ამას ამბობს, არ იცის რაზე საუბრობს, რადგან თეოკრატია ღვთის ძალას ნიშნავს. პატრიარქმა აღნიშნა, რომ სხვა არის თეოკრატია და სხვა არის კლერიკალური მმართველობა. მისივე განმარტებით, კლერიკალობა სასულიერო პირების სახელმწიფო მმართველობაში ყოფნას ნიშნავს, ეს კი არავის არ უნდა.
"არის თეოკრატია და არის კლერიკალური მმართველობა. იმ ადამიანებს, რომლებსაც ვერ გაურჩევიათ კლერიკალური მმართველობა და თეოკრატიული მმართველობა, საქართველოს მომავალზე როგორ უნდა ისაუბრონ. კლერიკალობა არავის არ უნდა, სასულიერო პირები იყვნენ სახელმწიფო მმართველები. იმის მაგივრად რომ დავიჩოქოთ და ვემთხვიოთ, რომ წმინდა წინაპრების ოფლითა და სისხლით არის გაჟღენთილი ჩვენი მიწა, ზოგიერთი ამბობს, რომ ჩვენ არ გვინდა თეოკრატია. ჩვენ ღირსი არ ვართ, რომ ვახსენოთ ეს სიტყვა, თეოკრატია - ღმერთის ძალას ნიშნავს", – აღნიშნა უწმიდესმა.
პატრიარქმა შესთხოვა უფალს შეგვინდოს შეცოდებანი, შეუნდოს მათაც რომელთაც დაკარგული აქვთ რწმენა, სიყვარული და ადამიანური გრძნობები.
მსახურების დროს მრევლს საშულება ჰქონდა წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი და წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის წმინდა ნაწილი მელოცათ, რომლებიც სიონში დღეს 22:00 საათამდე იქნება დაბრძანებული.