საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმართ არსებულ ვალს ქვეყანა 2015 წლისთვის თითქმის მთლიანად დაფარავს.
ამის შესახებ ქადაგიძემ საერთაშორისო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჰოლანდია-ბელგიის ჯგუფების წევრი ქვეყნების წარმომადგენლების ყოველწლიურ შეხვედრაზე განაცხადა.
"ჩემთვის დიდი პატივია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ჰოლანდია-ბელგიის ჯგუფების წევრი ქვეყნების შეხვედრის საქართველოში მასპინძლობა. საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან. 1992 წლიდან მსოფლიო ბანკმა ჩვენს ქვეყანაში დაახლოებით 55 პროექტი დააფინანსა, რომელთა ღირებულებაც დაახლოებით 2 მილიარდი დოლარია. ჩვენ ასევე მივიღეთ 1.5 მილიარდი დოლარის დახმარება საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან, მათ შორის საბიუჯეტო დახმარება. რაც შეეხება ვალს, ფონდის წინაშე არსებული დავალიანების გასტუმრება 2012 წელს დავიწყეთ. ჩვენ გადახდილი გვაქვს 250 მილიონი დოლარი. წელს, ახალ მთავრობასთან ერთად კი, კიდევ გადავიხდით 300 მილიონ დოლარს. უკვე მომავალ წელს დავფარავთ 260 მილიონ დოლარს. 2015 წლისთვის თითქმის მთლიანად გვექნება გადახდილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმართ არსებული ვალი", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
მისივე შეფასებით, აღნიშნული მაღალი რანგის სტუმრებთან შეხვედრა მნიშვნელოვანი იმის გათვალისწინებითაც არის, რომ მხარეებს ორმხრივი შეხვედრების გამართვის შესაძლებლობაც აქვს.
"ძალიან მნიშვნელოვანია იმ ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრა, რომლებმაც უკვე გაიარეს ის სტადია, რომელშიც ახლა საქართველო იმყოფება. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი გამოცდილების გაზიარება, წარმატების და წარუმატებლობის ანალიზი, რათა ჩვენი საქმიანობა სწორად წარვმართოთ", - აღნიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.