"საქართველოს ეკონომიკა უახლოეს ხანში გახდება დიდი ევროპული ეკონომიკური სივრცის ნაწილი", – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა საერთაშორისო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჰოლანდია-ბელგიის ჯგუფების წევრი ქვეყნების წარმომადგენლების ყოველწლიური შეხვედრისას განაცხადა.
ხადურის განმარტებით, მიუხედავად წარმატებებისა, ბოლო წლებში ჩვენმა ქვეყანამ ეკონომიკური კუთხით მნიშვნელოვანი გარღვევის მიღწევა ვერ მოახერხა.
"საქართველო უნიკალურ დროშია. მნიშვნელოვანი ღონისძიებები ხორციელდება იმისთვის, რომ თავი დავაღწიოთ იმ მძიმე მდგომარეობას, რომელშიც ქვეყანა იმყოფება. მიუხედავად წარმატებებისა, ბოლო წლებში ვერ მოხეხდა მნიშვნელოვანი გარღვევის მიღწევა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველომ უმოკლეს ვადებში მოახდინოს გარღვევა. ამას საქართველოს მთავრობა – ფინანსთა სამინისტრო და ეროვნული ბანკი აწონილი, ოპტიმალური, მონეტარული და ფისკალური პოლიტიკების განხორციელებით მოახდენს", – განაცხადა ნოდარ ხადურმა.
ამასთან, მან ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კუთხით მიმდინარე ღონისძიებებზეც ისაუბრა და აქცენტი მიმდინარე პროექტებზე გააკეთა.
"მიმდინარეობს სოციალური პრობლემების მოგვარება. ამ მიზნით, საქართველოს ბიუჯეტიდან გაცილებით მეტი თანხა გამოიყოფა, ვიდრე წინა წლებში. ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვისაც და მინდა მსოფლიო ბანკს მადლობა გადავუხადო ამ ტიპის პროექტების განხორციელების ხელშეწყობისთვის. მნიშვნელოვანი რეფორმები მიმდინარეობს სოფლის მეურნეობაშიც, მნიშვნელოვანია, რომ გრძელდება საინვესტიციო კაპიტალის შემოდინება და ამ მიმართულებით განსაკუთრებული დატვირთვა ექნება საინვესტიციო ფონდებს, რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით პრაქტიკულად დაფუძნებულია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ინვესტორებს ექმნებათ ყველა პირობა რათა აწარმოონ საკუთარი პროდუქცია და რაც მნიშვნელოვანია საქართველო იღწვის იმისთვის, რომ დადოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ევროკავშირთან და აშშ-სთან. ასე, რომ საქართველოს ეკონომიკა უახლოეს ხანში გახდება დიდი ევროპული ეკონომიკური სივრცის ნაწილი", - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.
ფინანსთა მინისტრმა ყოველწლიური შეხვედრის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და ისინი ხვალ კახეთში დაპატიჟა.
"ხვალ, არანაკლებ ემოციური და საინტერესო დღე გველის კახეთის რეგიონში, რათა დარწმუნდეთ, რომ საქართველოს მართლაც საუკეთესო ღვინო აქვს და დარწმუნდეთ, რომ "ბორჯომი" დაგჭირდებათ მეორე დღეს" , - მიმართა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა შეხვედრის მონაწილე უცხოელ სტუმრებს.