ჩვენი მთავრობა დღეს დიდი გამოწვევის წინაშეა და გვაქვს ისტორიული შანსი, თვისობრივად შევცვალოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა სასტუმრო "თბილისი მარტიოში", საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჰოლანდია-ბელგიის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან ყოველწლიურ შეხვედრაზე განაცხადა.
ივანიშვილის განმარტებით, ყველა რეფორმა, რომელიც ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია გაგრძელდება.
"საქართველოს დამოუკიდებლბის პირველივე წლებიდან მსოფლიო ბანკი და სავალუტო ფონდი მნიშვნელოვან დახმარებას გვიწევენ და რომ არა მათი რეკომენდაციები, ჩვენს ქვეყანას კრიზისის გადალახვა გაუჭირდებოდა. ჯგუფში შემავალ თითოეულ ქვეყანა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ თანამშრომლობის ეს ფორმატი, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობა უფრო დაახლოვდეს. როგორც იცით, საქართველო ამჟამად განვითარების გადამწყვეტ პერიოდს გადის, გასულ წელს ჩვენს ქვეყანაში პირველად შეიცვალა ხელისუფლება არჩევნების გზით და ეს გარდამტეხი ნაბიჯია საქართველოს დემოკრატიის მშენებლობის პროცესში. ჩვენი მთავრობა დღეს დიდი გამოწვევების წინაშე დგას და ჩვენ გვაქვს ისტორიული შანსი, თვისობრივად შევცვალოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი. გავაგრძელებთ ყველა რეფორმას, რომელიც მნიშვნელოვანია. უპირველესად ჩვენი მიზანია, გავაუმჯობესოთ მოსახლოების ცხოვრების დონე", – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.
ამასთან, მისივე განმარტებით, მთავრობის მიზანია სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს შენარჩუნება.
"დიდ ყურადღებას ვაქცევთ სოფლის მეურნეობაში ჯერ კიდევ აუთვისებელი პოტენციალის გამოყენებას. მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს კონკურენციის წახალისებას, ჩვენი ბიუჯეტი კი, წინა წლებთან შედარებით, სოციალურ თემატიკაზე მეტად ორიენტირებულია. ვაგრძელებთ საინვესტიციო პროეტქების განხორციელებას. ჩვენი მიზანია, სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს შენარჩუნება, რაც გონივრული მონეტარული და ფისკალური პოლიტიკით იქნება მიღწეულია. ამ კუთხით ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ეროვნულ ბანკთან", –აღნიშნა ივანიშვილმა.