ვლადიმერ ვარძელაშვილს პირობითი პატიმრობა შეეფარდა

ვლადიმერ ვარძელაშვილს პირობითი პატიმრობა შეეფარდა

შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორის ვლადიმერ ვარძელაშვილის სახლში მომხდარ ინციდენტზე, რომლის შედეგად დევი სირაძე დაიღუპა, საქალაქო სასამართლომ საქმის განხილვა დაასრულა. ინციდენტის ადგილზე მყოფ პირებს, მათ შორის ვლადიმერ ვარძელაშვილს ბრალდების მხარესთან საპროცესო შეთანხმებით, პირობითი პატიმრობა და ჯარიმა დაეკისრათ. 

საქალაქო სასამართლომ აღნიშნულთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა. დევი სირაძის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე – სამი პირი იყო ბრალდებული - ვლადიმერ ვარძელაშვილი, ვახტანგ ბიჭაშვილი და ზვიად ქავთარაძე.

ვახტანგ ბიჭაშვილს ბრალად დაედო ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღება. ვლადიმერ ვარძელაშვილს ბრალი წარედგინა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვისთვის, ხოლო ზვიად ქავთარაძეს - გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობისთვის.

სასამართლოს ინფორმაციით, საქმის მასალების თანახმად, 2013 წლის 21 თებერვალს, თბილისში, გვიან ღამით ზვიად ქავთარაძემ, რომელიც სტუმრად იმყოფებოდა ვლადიმერ ვარძელაშვილის საცხოვრებელ ბინაში, ამ უკანასკნელის არამართლზომიერ მფლობელობაში არსებული "ტტ" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, გაუფრთხილებლობით ცეცხლნასროლი ჭრილობა მიაყენა ამავე ბინაში სტუმრად მყოფ დევი სირაძეს, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.

ღია სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულებმა სრულად აღიარეს და მოინანიეს ჩადენილი დანაშაული, გარდა აღიარებითი ჩვენებებისა მათ მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულ იქნა მოწმეთა და დაზარალებულის უფლებამონაცვლის ჩვენებებით, ბიოლოგიური, ბალისტიკური, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებითა და საქმეში არსებულ სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით. სასამართლომ ვახტანგ ბიჭაშვილის მიმართ დაამტკიცა მხარეებს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმადაც ბიჭაშვილს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც ჩაეთვალა პირობითად 4 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 6000 ლარის ოდენობით.

მსჯავრდებულების, ვლადიმერ ვარძელაშვილისა და ზვიად ქავთარაძის მიმართ საქმის არსებითი განხილვის შედეგად სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა, კერძოდ, ვლადიმერ ვარძელაშვილს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობითად 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით, მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 3000 ლარის ოდენობით. ხოლო ზვიად ქავთარაძეს შეეფარდა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად 3 წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა 15 000 ლარის ოდენობით.

აღნიშული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.