ყოფილ მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის საკითხებზე დისკუსია გაიმართა

ყოფილ მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის საკითხებზე დისკუსია გაიმართა

სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში ყოფილ მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის საკითხებზე სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" დისკუსია გაიმართა. 

ყოფილ პატიმართა რეაბილატიციის პროექტებზე იმსჯელეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და სხვა სტრუქტურების წარმომადგენლებმა, ასევე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებმა.

დისკუსია ევროკავშირის პროექტის – "სისხლის სამართლის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში" ფარგლებში გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემა იყო მსჯავრდებულების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამები როგორც სასჯელაღსრულების სისტემაში, ისე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდგომ პერიოდში. დისკუსიის მონაწილეებმა რეაბილიტაციის ძირითად მიმართულებებსა და პრიორიტეტებზე ამ თემასთან დაკავშირებით სახელმწიფო უწყების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების კოორდინაციაზე ისმჯელეს.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, არჩევნების შემდგომ პერიოდში დაიწყო ყოფილ მსჯავრდებულებთან მუშაობა, რომლის ერთადერთი მიზანი იყო ის, რომ პატიმარი არ ყოფილიყო გარიყული საზოგადოებისგან.

"ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ყოფილი პატიმარი ჩართული იქნება საზოგადოებრივ ცხოვრებაში, საზოგადოება ამით უფრო მეტად იქნება დაცული. მადლობა პატარა კომპანიებს, რომლებიც პატიმართა დასაქმებაში იღებენ მონაწილეობას, მათ შორის ტაქსების კომპანიამ დაასაქმა ყოფილი პატიმრები", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეხვედრის ფარგლებში ყოფილ მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შემუშავდა, რომლის საფუძველზეც რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამები დაიგეგმა და განხორციელდება. სტრატეგიის ჯგუფის საქმიანობას კოორდინაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, დანაშაულის პრევენციის ცენტრი, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელასღსრულების დეპარტამენტი და პრობაციის ეროვნული სააგენტო გაუწევენ.