ვანო მერაბიშვილის პროცესი 17.00 საათისთვის ჩაინიშნა

ვანო მერაბიშვილის პროცესი 17.00 საათისთვის ჩაინიშნა

თბილისის საქალაქო სასამართლო კიდევ ერთ საქმეზე ვანო მერაბიშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს. საქმე ეხება 26 მაისის თემას. პროცესი საქალაქო სასამართლოში 17:00 საათზე დაიწყება. 

პროკურატურამ მერაბიშვილისთვის ბარლის დამძიმების შესახებ განცხადება 28 მაისს გააკეთა.

მერაბიშვილი ცნობილ იქნა ბრალდებულად 2011 წლის 26 მაისს დამამძიმებელ გარემოებებში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის. დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით, 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"2011 წლის 26 მაისს იმდროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, ივანე მერაბიშვილის უშუალო დავალებითა და ხელმძღვანელობით დაიგეგმა არა საპროტესტო აქციის დაშლის, ანუ მასში მონაწილე პირების შეკრების ადგილიდან პროპორციული ძალის გამოყენებით გაძევებისა და გაფანტვისათვის ორგანიზებული ლეგიტიმური ღონისძიება, არამედ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებზე ფართომასშტაბიანი და განურჩეველი თავდასხმა, რომლის გამოკვეთილი მიზანი იყო მათი მასობრივი დაკავება, დაშინება, დასჯა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზემოქმედების განხორციელება.

პოლიციამ წინდაწინ გადაკეტა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის, საქართველოს პარლამენტის ყოფილი შენობის, კინოთეატრ "რუსთაველისა" და სხვა მიმდებარე ქუჩები. დაახლოებით 00 საათსა და 10 წუთზე, პირადად ივანე მერაბიშვილის ბრძანებითა და კონტროლით, "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა საპირისპიროდ, კერძოდ, მომიტინგეებისათვის ტერიტორიის ნებაყოფლობით დატოვებისათვის აუცილებელი გონივრული ვადის მიცემის გარეშე, მხოლოდ ფორმალური გაფრთხილების შემდეგ, საპოლიციო ქვედანაყოფებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს მიტინგის დაშლის ოპერაცია.

წყალსატყორცნი საშუალების გამოყენებისთანავე, არსებითი წინააღმდეგობის გარეშე, მომიტინგეები შეეცადნენ გაქცევას, თუმცა, წინასწარ შეთანხმებული ზემოაღნიშნული გეგმის შესაბამისად, მათ განზრახ არ მიეცათ ტერიტორიიდან უსაფრთხოდ გასვლისა და პოლიციის მოთხოვნის შესრულების შესაძლებლობა. შესაბამისად, ალყაშემორტყმულ მშვიდობიან მოქალაქეებზე ერთდროულად და ინტენსიურად რამდენიმე მიმართულებიდან განხორციელდა რეზინის ხელკეტებითა და ტყვიებით აღჭურვილი პოლიციის რაზმების იერიში როგორც ქუჩაში, ასევე შენობებში, რა დროსაც შეგნებულად გამოყენებულ იქნა გაუმართლებლად არათანაზომიერი და გადაჭარბებული ძალა. შედეგად, გარდაიცვალა ორი (მათი სიკვდილის მიზეზის დასაზუსტებლად გამოძიება გრძელდება), დასახიჩრდა და ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო სამასამდე ადამიანმა. უსაფუძვლოდ დაკავებული იქნა რამდენიმე ათეული პირი", - განაცხადეს პროკურატურაში.

გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ იმჟამინდელმა ხელისუფლებამ საერთაშორისო საზოგადოებისა და საქართველოს მოსახლეობის დეზინფორმირებისა და შეცდომაში შეყვანის მიზნით, პოლიციელთა უკანონო ქმედებებზე მოახდინა მხოლოდ თვალთმაქცური რეაგირება.

"კერძოდ, არსებული ვითარების გაუბრალოებისა და, რაც მთავარია, დანაშაულში ივანე მერაბიშვილისა და სხვა მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობის შენიღბვის მიზნით, დისციპლინური წესით მოჩვენებითად დაისაჯა შინაგან საქმეთა სამინისტროს 15 თანამშრომელი, რომელთაგან არც ერთი უშუალოდ არ მონაწილეობდა მიტინგის დაშლაში. მათ შორის, საყურადღებო და ხაზგასასმელია, რომ სამი მათგანი აქციამდე იყო დათხოვნილი შინაგან საქმეთა ორგანოებიდან", - განმარტეს მთავარ პროკურატურაში.

ვანო მერაბიშვილს ორთვიანი პატიმრობა უკვე შეფარდებული აქვს.