მაია ფანჯიკიძე:  რუსი ჯარისკაცების მიერ სხვადასხვა სიდიდის მონაკვეთებში შემოჭრა 22-25 კილომეტრს ეხება

მაია ფანჯიკიძე: რუსი ჯარისკაცების მიერ სხვადასხვა სიდიდის მონაკვეთებში შემოჭრა 22-25 კილომეტრს ეხება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სამი თემის შესახებ ისაუბრეს. ამის შესახებ მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს ელჩებთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა. 

მისი თქმით, აქედან ორი თემა არის ძალიან სერიოზული, მესამე ძალიან სასიამოვნო.

ფანჯიკიძის განცხადებით, პირველი თემა არის ბოლო დღეებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ირგვლივ განვითარებული მოვლენები და გამყოფი ხაზების ტერიტორიაზე რუსეთის სამხედროების მიერ განხორციელებული ახალი აქტივობები. მეორე საკითხი არის გაეროში წარსადგენი რეზოლუცია - "აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ", რომელიც 13 ივნისს გადის გაეროს გენერალურ ასამბლეაზე.

"ეს რეზოლუცია არ იქნება განსხვავებული იმისაგან რომელიც აქამდე გადიოდა. ჩვენ ვიცით, რომ ბოლო წლების განმავლობაში ყოველთვის იყო მზარდი მხარდაჭერა. ჩვენ ძლიან ბევრი ვიმუშავეთ იმისათვის, რომ ეს მხარდაჭერა შეგვენარჩუნებინა და გაგვეზარდა მხარდამჭერების რიცხვი. ეს არის ბოლო შეხვედრა ნიუ-იორკში წასვლის წინ, სადაც მე ვაპირებ კიდევ ერთხელ ვთხოვო მათ მხარდაჭერა. ვნახოთ, იმედი მაქვს რომ 13 ივნისს გვექნება უკეთესი შედეგი, ვიდრე იყო წინა წლებში", – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

რაც შეეხება დიცთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს, საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, აქვს ინფორმაცია, რომ 22-25 კილომეტრს ეხება სხვადასხვა სიდიდის მონაკვეთებში შემოჭრა რუსი ჯარისკაცების მიერ.

"გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაახლოებით ორმოცამდე ოჯახია დაზარალებული და ამ ინფორმაციას მივაწოდებთ უცხოელ კოლეგებს", – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

რაც შეეხება მესამე თემას, რომელიც, სასიამოვნო საკითხია, ეს არის ის რომ ხვალ საგარეო საქმეთა სამინისტროში და 10 საელჩოში მოეწობა ღია კარის დღე.

მაია ფანჯიკიძის განცხადებით, მას სურს მადლობა გადაუხადოს ელჩებს იმისათვის, რომ დათანხმდნენ საგარეო უწყებასთან ერთად განეხორცილებინათ ღია კარის დღე.