პროკურორის ჩადენილ დანაშაულზე სისხლის სამართლებრივ დევნას მხოლოდ მთავარი პროკურორი განახორციელებს

პროკურორის ჩადენილ დანაშაულზე სისხლის სამართლებრივ დევნას მხოლოდ მთავარი პროკურორი განახორციელებს

პროკურორის, პროკურატურის გამომძიებლის ან პროკურატურის მრჩევლის მიერ ჩადენილი დანაშაულის ფაქტზე სისხლისსამართლებრივ დევნას მხოლოდ მთავარი პროკურორი განახორციელებს. პროკურატურის მუშაკის მიერ ჩადენილ დანაშაულს კი, კანონმდებლობით გათვალისწინებული საგამოძიებო ქვემდებარეობის შესაბამისად, მთავარი პროკურატურა გამოიძიებს.

ასეთ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ დეპუტატები იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, "პროკურატურის შესახებ" საკანონმდებლო პაკეტის სადავო მუხლებთან დაკავშირებით.

დეპუტატებს შორის სადავო გახდა მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმად, კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის და მოადგილეების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორების, თბილისის და საოლქო პროკურორების თანამდებობაზე დანიშვნა უნდა მოხდეს კანონის დადგენილი წესით. დადგენილი წესით, თანამდებობაზე დანიშვნამდე აღნიშნული პირები ინარჩუნებენ დაკავებულ თანამდებობებს და ახორციელებენ მათთვის კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებას. კომიტეტის თავმჯდომარის, ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, მუხლში მითითებული არ არის კონკრეტული ვადა, რაც მოცემული ნორმის უვადოდ მოქმედების ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.

კომიტეტის წევრები შეთანხმდნენ, რომ ზემოაღნიშნულ თანამდებობებზე პირები კანონის ამოქმედებიდან 15 დღის ვადაში დაინიშნონ.

გარდა ამისა, ხმალაძეს მიუღებლად მიაჩნია ასევე პროკურორად, მით უფრო, მთავარი პროკურორის თანამდებობაზე დაინიშნოს პირი, რომელსაც შესაბამისი სტაჟირება გავლილი არ აქვს.