შტეფან ფულე:   ვიმედოვნებ, ვილნიუსის სამიტზე ასოცირების შეთანხმების პარაფირება მოხდება

შტეფან ფულე: ვიმედოვნებ, ვილნიუსის სამიტზე ასოცირების შეთანხმების პარაფირება მოხდება

გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი, შტეფან ფულე იმედს გამოთქვამს, რომ 28-29 ნოემბერს, ვილნიუსის სამიტზე საქართველოსთან, მოლდოვასთან და სომხეთთან ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირება მოხდება. ამის შესახებ ევროკომისარმა ბრიუსელში, აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლისას განაცხადა. 

მისივე განცხადებით, სამიტზე ასევე მიღწეული იქნება პროგრესი ზოგიერთ ქვეყანასთან ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით.

28-29 ნოემბერს, ვილნიუსის სამიტზე ევროკავშირი ხელს მოაწერს ასოცირების შესახებ შეთანხმებას უკრაინასთან, რასაც შტეფან ფულემ "პოსტ-საბჭოთა სივრცეში სრულიად ახალი სიტყვა და თამაშის წესების ცვლილება" უწოდა.

ფულეს განცხადებით, ასოცირების შესახებ შეთანხმება, რომლის განუყოფელი ნაწილია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონა (DCFTA) ევროკავშირის მხრიდან პარტნიორებისთვის შეთავაზებული ყველაზე ყოვლისმომცველი და შინაარსობრივად ღრმა დოკუმენტია.

ბრიუსელში, აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეაზეა (Euronest) გამოსვლისას შტეფან ფულემ ასევე განაცხადა, რომ ვილნიუსის სამიტი დიფერენცირების შესახებ იქნება, პრინციპით "მეტი მეტისთვის".