"26 მაისს გარდაცვლილი პოლიციელის დედა შეცდომაშია შეყვანილი"

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, 26 მაისს გარდაცვლილი პოლიციელის დედა შეცდომაშია შეყვანილი. 

ამის შესახებ ბურჯანაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გარდაცვლილი ვლადიმერ მასურაშვილის დედის განცხადების კომენტირებისას განუცხადა, რომელიც ბურჯანაძის დასჯას ითხოდა.

"რაც შეეხება პოლიციელის დედას, მე მას გულწრფელად ვუთანაგრძნობ. მიმაჩნია, რომ ის უბრალოდ, შეცდომაშია შეყვანილი. ჩვენ მას სამართლებრივი დახმარება ნამდვილად შევთავაზეთ, თუმცა მან უარი განაცხადა და გაუგებარია, რა მოტივი დგას ამის უკან, რა მოტივით ამბობს უარს ეს ქალბატონი, რომ სამართლიანი გამოძიება ჩატარდეს. იმ ინფორმაციის საფუძველზე, რაც მე მაქვს, უნდა განვაცხადო, რომ პოლიციელის გარდაცვალება იყო დაგეგმილი ოპერაცია და ამას გამოძიება აუცილებლად დაადგენს. იმაზე, რომ პოლიციელი აუცილებლად უნდა მომკვდარიყო და ეს დაგეგმილი იყო, ისიც მეტყველებს, რომ სპეცრაზმმა ძალოვანის გარდაცვალების შესახებ მანამადე დაიწყო ყვირილი, ვიდრე ეს ადამიანი გარდაიცვლებოდა. ამასთან, სააკაშვილის ხელისუფლების მიერ ჩატარებული გამოძიების დასკვნაში აღნიშნულია, რომ პოლიციელი გარდაიცვალა თავისუფლების მეტროსთან და არა იქ, სადაც ჩვენმა ესკორტმა გაიარა. თავად ეს ქალბატონიც ადასტურებს, რომ მისი შვილი 00:15 საათზე გარდაიცვალა, ჩემი ესკორტი კი თავისუფლების მოედნიდან 00:25 საათზე გავიდა", - განაცხადა ბურჯანაძემ.

"დემოკრატიული საქართველოს" ლიდერი ხელისუფლებას 26 მაისთან დაკავშირებული ყველა მოვლენის გამოძიებას სთხოვს.