"რაც დღეს სოფელ დიცთან ხდება, გვაჩვენებს, რომ საერთაშორისო არენაზე ძალიან სერიოზული პრობლემები გვაქვს"

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, რაც დღეს სოფელ დიცთან ხდება, გვაჩვენებს, რომ საერთაშორისო არენაზე ძალიან სერიოზული პრობლემები გვაქვს.

ამის შესახებ ბურჯანაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებით ძირითადად, სწორად ვითარდება მოვლენები, მაგრამ ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ დღეს ვერ ხერხდება საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ობიექტური და ადეკვატური ინფორმაციის მიწოდება. ქვეყნის პრეზიდენტმა, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსს, რა თქმა უნდა, უნდა მოახერხოს საერთაშორისო თანამეგობრობაში ისეთი ვითარების შექმნა ქვეყნისთვის, როდესაც დაცული იქნება ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ინტერესები და როდესაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ადეკვატურად იქნება მიწოდებული საერთაშორისო თანამეგობრობისთვის და უზრუნველყოფილი იქნება მხარდაჭერა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. პროფესიონალი პოლიტიკოსი, რომელიც იქნება მზად, ქვეყნის რეპუტაციის დაცვისთვის საერთაშორისო არენაზე, რომელიც შეძლებს იმას, რომ საზღვრები აქეთ კი არ გადმოწიონ, საქართველოს შიგნით, არამედ როგორც მინიმუმ, ფართომასშტაბიანი და სერიოზული მოლაპარაკების დაწყებამდე შენარჩუნებული მაინც იყოს სტატუს ქვო, აუცილებლად სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ის, რაც დღეს ხდება სოფელ დიცთან, ჩვენ ყველას გვაჩვენებს იმას, რომ რეალური და ძალიან სერიოზული პრობლემები გვაქვს საერთაშორისო არენაზე. ეს რა თქმა უნდა, არის პრობლემები, რომლებიც მოდის "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობიდან, ეს არის პრობლემები, რომლებიც უპირველეს ყოვლისა, მოდის 2008 წლის შემდეგ, მაგრამ ის, რომ დღეს საგარეო პოლიტიკურ არენაზე არა თუ პოზიტიური გავლენა არ გვაქვს, არამედ დამატებითი პრობლემები გვაქვს, არის ფაქტი და ამ პრობლემების მოგვარებას დილეტანტი, თუნდაც ძალიან კარგი ადამიანი, პრეზიდენტის თანამდებობაზე ნამდვილად ვერ შეძლებს", - განაცხადა ბურჯანაძემ.